“ძალიან მაგარი მამაა და ასეთივე მეუღლე იყო, მაგრამ… ძალიან არ მომწონდა, სხვა ქალებს რომ უყურებდა…” – რას ჰყვება გივი სიხარულიძის შვილი მშობლებზე

მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, სპორტსმენი ბექა სიხარულიძე წლებია აშშ-ში ცხოვრობს. თავიდან სპორტული შეჯიბრებისთვის ჩავიდა, მერე კი ნელ-ნელა დაფუძნდა, ჩო­გბურთის აკადემია გახსნა, რომელსაც არაერთი­ ცნობილი ვარსკვლავი სტუმრობდა. პარალელურად­, სახელოვნებო სფეროშიც პირველი­ აღმოჩნდა­ იღბლიანი კასტინგის წყალობით, შემდეგ კი “ოცნების ქვეყანაში” ბევრისთვის საოცნებო და ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორების ფილმებში მოხვდა. ამერიკაში ტრადიციული ქართული ოჯახი სიყვარულით შექმნა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა – გივი და ლუკა. ბექა მსახიობის, მოცეკვავის, სპორტსმენისა და მწერალ გივი სიხარულიძის ვაჟია. ბექას ქართულ ფილმს “სიცოცხლიდან სოცოცხლემდე” სხვადასხვა კინოფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, როცა ნიუ-იორკის Socially Relevant Film Festival-ის ჟიურის სპეციალური პრიზისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.­ მასში ბატონი გივიც მონაწილეობს. ბექა სწორედ ფილმებზე, ჰოლივუდურ გადაღებებზე, ამერიკულ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მშობლებსა და მის პატრიოტულ განცდებზე გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ბექას ინტერვიუდან: 

– ბექა, გილოცავთ ფილმის წარმატებას, გვიამბეთ მის შესახებ.

– ფილმს საერთო ჯამში 9 ჯილდო და 7 ნომინაცია აქვს. “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” არის ექიმზე, პროფესიონალზე, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ოპერაციებს უფასოდ უკეთებს, რის გამოც პრობლემები ექმნება კოლეგებთანაც და ოჯახშიც. მოკლედ, ადამიანობაზე, ზნეობაზეა. ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ განათლებული და ზრდილობიანი ერი ვართ, ფილმში­ გინება და უხამსობაც არ არის, მხოლოდ ერთი სცენაა ჩხუბის. რაც შეეხება მსახიობებს, მთავარ როლებს მე და ნინო კურატაშვილი ვასრულებთ. მონაწილეობენ: ია შუღლიაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, ლიკა ქობულაძე, ამირან ბუაძე, ჯონი ჯანაშია, თამარ აბშილავა, აწ გარდაცვლილი­ თამარ სხირტლაძე და რაც მთავარია ჩემთვის,­ მამაჩემი თამაშობს მამის როლს. გადაღება 2019 წლის ბოლოს დამთავრდა, მაგრამ მერე “კოვიდი” დაიწყო და პოსტპროდაქშენი გაგვიჭიანურდა. ფილმის პრემიერა 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა, გადაღება თბილისში მიმდინარეობდა­, ერთი დღე – მცხეთაში. 100%-ით ქართული ფილმია, ქართველი ხალხისთვის გადავიღეთ და გამიხარდება, თუ მოეწონებათ. უპირველესად ახალგაზრდებისთვისაა. უცხოელებმა კარგად შეაფასეს და დაგვაფასეს, ალბათ, ამაზე ჯილდოებიც მეტყველებს. მე ძალიან მიყვარს მსახიობებთან მუშაობა. არიან რეჟისორები­, რომლებიც სცენარს გაძლევენ და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა როგორ­ ითამაშო, ჩემი აზრით კი აუცილებელია თვითონ აუხსნა, რა არის საჭირო­, რას როგორ ხედავ. მთელი ჯგუფის მადლიერი ვარ. ორი რამ მიყვარს ყველაზე მეტად – კამერა, კომპოზიციის დადგმა და მსახიობებთან მუშაობა.

– თქვენი სხვა ფილმებიც გაგვაცანით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ჰოლივუდზე?

– 2014 წელს გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ბაბუს მევალე”, რომელმაც 7 ფესტივალი მოიგო, ევროარხმაც იყიდა ორი წლით და 86 ქვეყანაში გადიოდა. სცენარი მამაჩემის მოთხრობის მიხედვით დავწერე, სატირაა… რაც შეეხება ჩემს როლებს, ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი იყო, როდესაც ამერიკელმა რეჟისორმა დამამტკიცა ე.წ. კანონიერი ქურდის როლზე, რომელზეც ბევრი ვიმუშავე, ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა. მერე ის ფილმი სხვა რეჟისორმა ნახა, ჩემი შესრულება მოეწონა და მანაც მიმიწვია. შემდგომ ემილი რაჯაკოვსკის ფილმშიც მოვხვდი ეპიზოდურ როლზე. “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” რომ გადავიღეთ, პანდემიის დროს საქართველოში ვცხოვრობდით და დასავლეთში ვიყავი ჩასული. ერთ დღესაც ჩვენს ეზოში ვმუშაობდი და მომდის ელფოსტა, რომ ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასტინგის დირექტორს სურვილი აქვს სტივენ სოდელბერგის ფილმში კასტინგზე მიგიწვიოსო. დღემდე არ ვიცი, საიდან მომძებნეს, არ ველოდი. თბილისში კასტინგის ვიდეო ჩავწერე და ერთი საათის დაგვიანებით გადავგზავნე. ჩავფრინდით ამერიკაში და მატყობინებენ, ბატონმა სტივენ სოდელ­ბერგმა თვითონვე ნახა თქვენი თრეილერი და უკვე დამტკიცებული ხართ როლზეო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა! ის ძლიერი რეჟისორია და მასთან მუშაობა ბედნიერებაა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, თუმცა გადასაღებ მოედანზე რომ შევედი, ყველაფერი მომეხსნა.

ტერიტორიაზე ჩემთვის ცალკე იყო გამოყოფილი ავტოსადგომი, დიდი ოთახი ყველაფრით აღეჭურვათ და მაშინ მივხვდი, რომ სულ სხვაგან ვიყავი. მოედანზე დამხვდნენ რეჟისორი და დევიდ კუპი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტია ჰოლივუდში. ფილმს ჰქვია “კიმი”, სადაც მთავარ როლს ზოი კრავიტსი, ლენი კრავიტსის შვილი თამაშობს, ასევე რიტა უილსონი, ტომ ჰენკსის მეუღლე. მე ერთ-ერთ პერსონაჟს ვასახიერებ. როცა ფილმი გამოვიდა, სოდელბერგს ნიუ-იორკშიც შევხვდი და ძალიან კმაყოფილი იყო, კრიტიკოსებმაც კარგად შეაფასესო. აშშ-ში არის ერთი საიტი, სადაც ფილმების რეიტინგები იდება და “კიმმა” 92 ქულა მიიღო, რაც ძალიან მაღალია.

კომენტარის დატოვება