“14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. მშობლობა ყველაზე რთული გამოწვევაა”

ევა, სესილი, ჯერი და სემი ჩემი ნაწილები არიან. მათ რომ ვუყურებ, საკუთარი თავი მახსენდება, ხან ერთში ვიჭერ ჩემს გამოხედვას, ქცევის მანერას, ხასიათის შტრიხებს, ხან მეორეში, ხან მესამეში და ხანაც მეოთხეში. მე რომ წავალ, მათში დავრჩები, – ამბობს მსახიობი ილო ბეროშვილი,­ რომელიც დღეს რუბრიკა “მამების” სტუმარია.

 

– 14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. უმცროსი­ უკვე 6 თვის მყავს, უფროსი 13-ის ხდება, უკვე თინეიჯერია. პირველი შვილი რომ მეყოლა, 27 წლის ვიყავი, ახლა 41-ის ვარ. ამასობაში ბევრი რამ მოხდა. დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან, მეც გამოვიცვალე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, რაღაც-რაღაცები გადავაფასე. ახლა უფრო მეტი ვიცი ბავშვების შესახებ, მეტი გამოცდილება მაქვს, მეტად ვერკვევი ბავშვების ფსიქოლოგიაში. ახლა უკეთ ვიცი, რა ვუთხრა, როგორ გავუგო, საიდან მოვუარო… შვილების ცხოვრებაში­ ჩართული­ მაშინაც ვიყავი და ახლაც, მსოფლმხედველობაც ისეთივე მაქვს, როგორიც მქონდა­

მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ამ აზრის ვარ, რომ მამა აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის აღზრდაში, იქნება პამპერსის გამოცვლა, ფაფის მოხარშვა თუ ნებისმიერი სხვა რამ, უბრალოდ, დავღვინდი… თორემ სიხარულის სიმძაფრით და აღქმით ოთხივე შვილის დაბადება ერთნაირი­ სასწაული და ბედნიერება იყო.გოგოები უკვე დიდები არიან, იპრანჭებიან, განსაკუთრებით უფროსი. თითქოს ურთიერთობაც შეგვეცვალა, სამივე დიდები გავხდით და დიდური დიალოგები გვაქვს ხოლმე.

– გოგონების გაზრდა უფრო რთულია თუ ბიჭების?

– არის რაღაცები, რაშიც გოგოს უნდა მიაქციო მეტი ყურადღება, რაღაცებში ბიჭებს, პასუხისმგებლობა კი ერთნაირია ორივე შემთხვევაში.

– როგორი მამა ხართ? 

– რა ვიცი, დღეს ვეუბნებოდი მეუღლეს, იმხელა თამასა გვაქვს ჩვენი თავისთვის მიცემული, რომ… უფრო შვილების შესაფასებელია. მნიშვნელოვანია, რამდენად გულწრფელი ვარ მათთან ურთიერთობაში, დეტალებს როგორ ყურადღებას ვაქცევ, მათ ფსიქიკაზე როგორ ვფიქრობ. ალბათ, კარგი მამა ვარ… მინდა კარგი ვიყო, თუმცა, მეორე მხრივ, არ არსებობს მიღწეულით კმაყოფილი იყოს ადამიანი, სულ ფიქრობ, რომ მეტი შეიძლებოდა გაგეკეთებინა. მაგრამ ყოველთვის რაღაც-რაღაცის ფასად ხდება ყველაფერი. ახლა თუ არ მოაგვარე კარიერაში რაღაც საკითხები, მაშინ შესაძლოა სხვა პრობლემის წინაშე დადგე, იმიტომ, რომ გინდა მატერიალურად უზრუნველყოფილი იყვნენ შენი შვილები. ამიტომ ვამბობ, რომ რთულია მშობელმა თქვას, იდეალური ვარო.

– ნაბოლარა გაგვაცანით.

– ძალიან საყვარელია, უპრობლემო, ყველას უცინის. ალბათ, მშობლობა ყველაზე რთული გამოწვევაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. არა მარტო­ იმაზე ფიქრობ, რომ შვილი შენი ფრთის ქვეშ იყოს კარგად, იმაზეც ფიქრობ, რომ გაიზრდება, როგორ დაიმკვიდრებს თავს ზრდასრულ ასაკში. სულ ხომ არ იქნები შენ? თუ იდეალური სამყარო შეუქმენი და სულ ასეთ სამყაროში აცხოვრე, მერე რეალურ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი­ და გაუგებრობა შეხვდება, არ იქნება მზად გამოწვევებისათვის. ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობაში.

 

კომენტარის დატოვება