უახლესი მონაცემებით, შვედეთის ცენტრალურ ქალაქ ორებროს (სტოკჰოლმიდან დასავლეთით 200 კმ) ბავშვთა სკოლის გვერდით, ზრდასრულთა განათლების ცენტრში სროლის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის რობერტო ეიდ ფორესტის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან მათი რიცხვი ჯერ კიდევ დგინდება. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილია დანაშაულის ჩამდენიც.
მსროლელის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას მანამდე პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არ ყოფილა რომელიმე ორგანიზებული ბანდის წევრი და არ აქვს კრიმინალური წარსული. მათივე თქმით, ამ მომენტისთვის თავდასხმის უკან ტერორისტული მოტივი არ ჩანს.
ჩვენ გვჯერა, რომ დამნაშავე მარტოხელა მგელი იყო, – განაცხადა ფორესტმა და დასძინა, რომ ამ უკიდურესი ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს შვედეთისთვის ძალიან მტკივნეული დღე უწოდა.
ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა…- განაცხადა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
- შვედეთის იუსტიციის მინისტრის, გუნარ სტრომერის განცხადებით, დაღუპულთა შორის იყო თავად თავდამსხმელი.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ახლა მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევა. დამნაშავე მანამდე უცნობი იყო პოლიციისთვის და დღემდე არ ვიცით, რატომ მოხდა ეს, – განაცხადა მინისტრმა.
ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ შემდგომი თავდასხმების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს და სწავლის პროცესის განახლება შესაძლებელია.
- სამი გასროლის ხმა გავიგეთ- რას ჰყვებიან ადგილობრივები?
როგორც Associated Press-ი შვედურ გაზეთ Expressen-ზე დაყრდნობით იუწყება, ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ დერეფნებში საშინელი ხმები ისმოდა.
ჩვენ გავიგეთ სამი გასროლის ხმა და ხმამაღალი ყვირილი, – თქვა 28 წლის ანდრეას სანდლინგმა, რომელიც საკლასო ოთახში იმალებოდა.
სასწავლო ცენტრის მასწავლებლის თქმით, თავდასხმის დროს კამპუსში უჩვეულოდ ცოტა მოსწავლე იმყოფებოდა. ბევრმა მათგანმა კამპუსი სამშაბათს, ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ დატოვა.
იოჰანეს სიობერგი იხსენებს ქალიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებს. თავდასხმის დროს მისი შვილი სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მდებარეობს.
იოჰანეს სიობერგის თქმით, მისი შვილი ბავშვების პირველ ჯგუფთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და მასთან მუდმივ სატელეფონო კონტაქტში იმყოფებოდა.
ჩვენ ორსაათნახევრის განმავლობაში მუდმივად ვწერდით ერთმანეთს მესიჯებს. ის ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა და მთელი დრო ლოცულობდა. სისხლი დაინახა, თუმცა მასწავლებლები დაეხმარნენ და ოთახში შეიყვანეს, – აცხადებს იოჰანეს სიობერგი.
- მანამდე, თავდასხმის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა შეშინებულმა სტუდენტმა Snapchat-ზე გაავრცელა ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის შეშინებული ხალხი თავდასხმის ადგილიდან.
ისვრიან, ღმერთო ჩემო! – ისმის ერთ-ერთი სტუდენტის განწირული ხმა.
სროლა შვედეთის ქალაქ ორებროში მდებარე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში გუშინ, 4 თებერვალს მოხდა. ცენტრი სხვა სკოლებთან ერთად ერთ კამპუსში მდებარეობს.
BBC -ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.