აშშ-ში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი სპორტსმენები: მსოფლიო ჩემპიონები იმყოფებოდნენ – რა დეტალები ხდება ცნობილი?

აშშ-ში, ვაშინგტონის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 60 მგზავრიდან, სულ მცირე, 15 ადამიანი ფიგურულ სრიალთან იყო დაკავშირებული. რუსული მედიის ცნობით, მათ შორის იყვნენ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი, რომლებიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდნენ. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ყოფილი მოციგურავე და სსრკ-ს ფიგურული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ინა ვოლიანსკაია. რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავში შესაძლოა შიშკოვასა და ნაუმოვის შვილიც, მაქსიმიც ყოფილიყო, რომელიც კანზასში აშშ-ს ფიგურული სრიალის ჩემპიონატში მონაწილეობდა.

აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაციის ინფორმაციით, სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახის წევრები კანზასის შტატში ჩატარებული საწვრთნელი ბანაკიდან ბრუნდებოდნენ, რომელიც ფიგურულ სრიალში ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად ტარდებოდა. ასოციაციის განცხადებით, ისინი “ამ ენით აღუწერელი ტრაგედიით განადგურებულები” არიან.

ამ დროისთვის, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე პოტომაკში გრძელდება. CBS News-ის ცნობით, პოლიციამ მდინარეში 18 ცხედარი იპოვა, ხოლო CNN-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით გადარჩენილი არავინ აღმოუჩენიათ.

კომენტარის დატოვება