“მოკრძალებული ბუნება აქვს, არ არის თამამი და მისი სისადავე უფრო მეტად იკვეთება სიმღერისას” – ვისი შვილია “რანინელი” მათე მარტიაშვილი და ვინ ზრუნავს მის მუსიკალურ განვითარებაზე

ცოტა ხნის წინ პოპულარული საბავშვო მუსიკალური პროექტის, “რანინას” სცენაზე მათე მარტიაშვილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის მიერ ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ოღონდ შენთან მამყოფინა” უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ამ სტატიაში მატს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

მათე მარტიაშვილის ასეთი მუსიკალურობა და განსაკუთრებული ნიჭი არავის გააკვირვებს, მით უფრო, თუ გეტყვით, რომ ის 2006 წლის „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის შვილია. თინათინი თავადაც შესანიშნავი მომღერალია და მის მიერ შესრულებულ სიმღერებს უამრავი მსმენელი ჰყავს. მან 2010 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეპროექტ „ბრავოში“.

მათე მარტიაშვილი

„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია. მათე, უფლის მფარველობა გქონოდეს მუდამ, არასდროს, არასდროს დაივიწყო ის ქართული, ის ეროვნული, რაც ესოდენ გშვენის. მადლობა, შვილო”,– წერს თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში.

“ძალიან მცირე ასაკში, ნიუანსებში ვატყობდი, რომ მუსიკალური იქნებოდა. თვეების იყო, იავნანას რომ ვუმღეროდი, თითქოს ტონში თავადაც ზუსტად დასვამდა ხოლმე. ძალიან საყვარელი ჩანაწერები მაქვს, სადაც წავუმღერებდი და მერე მისგან საპასუხო წამღერებას ვიღებდი… ამ შემთხვევაში ჩემმა გენმა იმძლავრა, რადგან მამიკოს არ აქვს მუსიკალური მონაცემები, თუმცა ძალიან კარგი გემოვნება აქვს და შესანიშნავი მსმენელია.

მათეს მუსიკალურ განვითარებაში სულ ვიყავი ჩართული. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი იმისთვის, რომ ორივე ვაჟი მუსიკალური ყოფილიყო. მგონია, რომ მუსიკალური ადამიანი ჰუმანურია და სხვა სამყარო აქვს. მინდოდა, ჩემს შვილებში ეს ყველაფერი ყოფილიყო, თუმცა თუ ბავშვი არ მოგყვება, ეს ძალდატანებით, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. მათეში თავიდანვე დავინახე მარცვალი და გავაღვივე. ბაღის ასაკიდანვე უკვე გამოდიოდა ღონისძიებებზე, მუდმივად იყო სოლისტი, მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებული ბუნება აქვს და არ არის თამამი და ამბიციური, მისი სისადავე, მგონია, უფრო მეტად იკვეთება სიმღერისას”, – ამბობდა თინათინი შვილის შესახებ “რადიო ფორტუნასთან” ინტერვიუში.

თავად მათე კი ამბობს, რომ ამ შესრულების შემდეგ მას ქუჩაში ბევრი ადამიანი ცნობს:

“მწერენ უცხო ადამიანები „ფეისბუქზე“, მიმატებენ სოციალურ ქსელში, ქუჩაში მაჩერებენ, ფოტოებიც გადამიღეს. მეკითხებიან ხოლმე, შენ მათე ხარო? ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა. ასეთი პოპულარული არასდროს ვყოფილვარ.

მინდა, გავხდე მუსიკოსი და ვუკრავდე როგორც ფორტეპიანოზე, ასევე გიტარაზე, დრამზე. მაქვს ჰობი, მიყვარს სპორტი, დავდივარ ფეხბურთზე. არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ არა, მაგრამ უცებ შემიყვარდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის გიორგი მამარდაშვილი. მეც კარებში ვდგავარ და ჩემი აზრით, კარგად ვთამაშობ. დედა და მამა სულ მაფრთხილებენ, რომ თითებს გავუფრთხილდე და არ დავიზიანო”, – ამბობდა მათე მარტიაშვილი  “რადიო ფორტუნასთან” ინტერვიუში.

კომენტარის დატოვება