როგორ შევადედოთ მაწონი არაჟნის საშუალებით

მაწონი ქართული წარმოშობისაა და ყველა მსგავსი რძემჟავა პროდუქტისგან განსხვავებულია. მისი მონათესავეებია, მაგალითად, კეფირი და იოგურტი. მაწვნის სარგებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც ისედაც ცნობილია ყველასთვის, – ის ზაფხულის პერიოდში საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა, ვინაიდან აქრობს წყურვილის შეგრძნებას. გარდა ამისა, დიეტის მსურველთათვის მაწონი პირდაპირ მისწრებაა: დაბალკალორიულობის მიუხედავად, ის შესანიშნავად ახშობს შიმშილის გრძნობას. დღეს გავიხსენოთ მაწვნის სახლში მომზადების ორიგინალური მეთოდი – როგორ შევადედოთ იგი არაჟნით.

ინგრედიენტები

  • ერთი ლ რძე
  • 4 ს. კ. არაჟანი

მომზადება

  1. რძე ჩაასხი ქვაბში და დადგი საშუალო ცეცხლზე. მიიყვანე ადუღებამდე. თუ გსურს მაწონი სქელი გამოვიდეს, რძე ადუღე დაბალ ცეცხლზე ათი წუთი.

2. შემდეგ რძე გააციე 37 გრადუსამდე. მაღალ ტემპერატურაზე შედედების შემთხვევაში მაწონს ბევრი შრატი ექნება. გაციებული რძე გადაასხი ქილაში.

3.  დაამატე ქილაში არაჟანი და კარგად აურიე. ზემოდან დააფარე ქაღალდის ხელსახოცი და შემოახვიე ზონარი.

4. ქილას დააფარე თბილი პლედი და დატოვე ასე 6 საათით. ის უნდა იყოს უძრავად.

ასეთი მაწვნის ორი სუფრის კოვზი გადადე ,,მაწვნის დედისთვის” – შემდეგი პარტიის შესადედებლად. მაწონი საუკეთესოა აკროშკის მოსამზადებლად, ასევე ნამცხვრების, ოლადების და სხვადასხვა სალათისთვის.

გემრიელად მიირთვი და სხვებსაც გაუზიარე მაწვნის შედედების ეს მეთოდი.