ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით

ამ სეზონზე ვაშლი იმდენად არომატული და წვნიანი აღარ არის და თუ ვინმეს შემორჩენილი გაქვთ ძველი მარაგი, უმჯობესია მისგან სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი მოამზადოთ. ერთ-ერთი ასეთი დესერტის რეცეპტს შემოგთავაზებთ ახლა.

ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით – ეს არის სამფენიანი ნამცხვარი, რომელსაც საოცარი არომატი აქვს. მისი ჰაეროვანი ტექსტურა და ნაზი კრემი გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 370 მლ რძე
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 30 გ კარაქი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 40 გ შაქარი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 20 გ ვანილის შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • ასი გ შაქარი
  • 4 ცალი ვაშლი

მომზადება

  1. კრემის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს ერთი კვერცხი, 40 გშაქარი და სახამებელი. ათქვიფე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  1. ამ მასაში ჩაასხი 250 მლ რძე, კარგად მოურიე და დადგი დაბალ ცეცხლზე. ბუშტუკების გაჩენის შემდეგ ხარშე 1,5 წუთი. თან სულ ურიე.
  2. გადმოდგი ცეცხლიდან და დაამატე ათი გ ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი და კარაქი. კარგად ათქვიფე სათქვეფით.
  3. ცომის მოსამზადებლად კი დარჩენილი ორი კვერცხი შეურიე ას გ შაქარს და დაამატე ათი გ ვანილის შაქარი.
  4. მასა თქვიფე 3-4 წუთი, შემდეგ დაამატე 120 მლ რძე და ზეთი. ჩააცერი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  5. ვაშლი გაფცქვენი, ამოაჭერი გული და დაჭერი პატარა ნაჭრებად. საცხობ ფორმას (22 -24 სმ დიამეტრით) წაუსვი ცხიმი და ქვედა ფენად დაალაგე ვაშლის ნაჭრები. მასზე კი მოათავსე ცომი.

  1. მოხარშული კრემი გადაიტანე საკონდიტრო ტომარაში. კრემი სპირალურად მოასხი ცომის ფენას ზემოდან. შედგი 180 გრადუს ტემპერატურაზე 35 -40 წუთით.

ნამცხვრის მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით. ცოტა რომ შეგრილდება, ღვეზელს ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

კომენტარის დატოვება