ეს ტორტი საკმაოდ ნაზი სტრუქტურისა და ინტენსიური ნუშის გემოს მქონეა, შესანიშნავი მოხარშული კრემით. მას ცხობისთვის არ სჭირდება პურის ფქვილი და ამდენად დაბალკალორიულიცაა. ჩვენ გთავაზობთ მზა ტორტისგან რამდენადემე განსხვავებული ვარიანტის რეცეპტს, სცადეთ და არ ინანებთ!
ინგრედიენტები
- 150 გ კვერცხის ცილა
- 180 გ შაქარი
- 150 გ ნუშის ფქვილი
- ასი გ კვერცხის გული
- ასი მლ ნაღები
- 175 გ კარაქი
- 50 გ ნუშის ფანტელი
მომზადება
1. ცილა ათქვიფე მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. დაამატე 120 გ შაქარი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტო. როცა მასა გამყარდება, ჩაყარე მასში ნუშის ფქვილი და ფრთხილად აურიე ნიჩბით. გადაიტანე მასა საკონდიტრო ტომარაში.
2. ცომით პერგამენტის ქაღალდზე დახაზე ორი წრე – დიამეტრით 30 სმ. გადაიტანე ისინი საცხობზე და შუა ნაწილი შეავსე მერენგით სპირალურად ისე, რომ გამოვიდეს ფირფიტები.
3. ფირფიტები გამოაცხე 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის მანძილზე. ნაპირები ოდნავ უნდა შეიბრაწოს.
4. პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიე კვერცხის გულები, ნაღები, 60 გ შაქარი. დადგი საშუალო ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანე თხელი შედედებული რძის კონსისტენციამდე (დაახლოებით 80 გრადუსამდე).
5. მასას დააფარე საკვები ცელოფანი და ისე გააციე. შემდეგ ათქვიფე მიქსერის დახმარებით. პროცესში დაამატე დარბილებული კარაქი და კვლავ თქვიფე.
6. ერთ ფირფიტას წაუსვი ნახევარი კრემი, დაადე მეორე ფირფიტა და ზემოდან და გვერდებზე გადაუსვი მეორე ნახევარი.
7. ნუშის ფანტელი მოხალე მშრალ ტაფაზე და მოაყარე ტორტს. შედგი მაცივარში 4-8 საათით. სუფრაზე მიტანის წინ ტორტი გამოიღე მაცივრიდან, მირთმევამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე.
დესერტი გამოდის ზომიერად ტკბილი და ინტენსიური ნუშის გემოს მქონე. რაც მთავარია, ის მზადდება ფქვილის გარეშე!
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!