პასკა დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული და ამავე დროს ის ძალიან გემრიელიცაა, განსაკუთრებით კი სახლის პირობებში მომზადებული. თუმცა პასკის ცხობა არც თუ ისე იოლია და ბევრს უბრალოდ ეზარება ეს ხანგრძლივი პროცესი.
ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთი პასკის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება და საკმაოდ იოლად მზადდება. ეს არის ხაჭოს პასკა – თავისთავად უგემრიელესი დესერტი.
ვინაიდან ძირითადი ფუძე ხაჭოა, პასკის მდგრადობა დამოკიდებულია სწორედ ხაჭოს ხარისხზე. ის უნდა იყოს სახლური და საკმაოდ ცხიმიანი.
ინგრედიენტები
- ერთი კგ ცხიმიანი ხაჭო
- ასი მლ ნაღები
- 130 გ შაქრის პუდრა
- 80 გ ნუში
- 200 გ კარაქი
- 6 ცალი კვერცხის ცილა
- 60 გ ცუკატი
- 120 გ ქიშმიში
- ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
მომზადება
- ხაჭო გაატარე საკეპ მანქანაში ორჯერ. დაამატე ცხიმიანი ნაღები და ვანილის ექსტრაქტი. კარგად აურიე მიქსერით დაბალ სიჩქარეზე.
- დარბილებული კარაქი ათქვიფე მიქსერით. შემდეგ დაამატე შაქრის პუდრის ნახევარი და კვლავ ათქვიფე 5 წუთი. ეს მასა შეურიე ხაჭოს მასას.
- 6 კვერცხის ცილა მოათავსე ბლენდერში და ათქვიფე კარგად დარჩენილ შაქრის პუდრასთან ერთად. თქვიფე მანამ, სანამ ფაფუკ მასას არ მიიღებ. შემდეგ კი შეურიე ხაჭოს მასას.
- ქიშმიში დაალბე ცხელ წყალში ნახევარი საატით და შემდეგ შეაშრე ქაღალდის ხელსახოცზე. ნუშიც დაალბე თბილ წყალში იმისათვის, რომ კანი დაურბილდეს. შემდეგ კი გაფცქვენი კანისგან და ქიშმიშთან და ცუკატებთან ერთად შეურიე ხაჭოს მასას. ყველაფერი კარგად აურიე.
- 20 სმ დიამეტრის მქონე საწურზე დააფინე დოლბანდი მინიმუმ ორ ან სამ ფენად და ხაჭოს მასა მოათავსე მასზე. ზემოდან დააფარე თეფში და დაადე რამე სიმძიმე.
- ასეთი სახით ხაჭო შედგი მაცივარში მინიმუმ 12 საათით. უმჯობესია, უფრო მეტით. შემდეგ თეფში მოხადე და გადააბრუნე დიდ ბრტყელ თასზე. მოხსენი დოლბანდი და მიიტანე სუფრასთან.
ულამაზესი ხაჭოს პასკა შეგიძლიათ მორთათ რაიმე ცოცხალი ხილით, ჩირით ან შოკოლადით. მისი შენახვა მაცივარში სასურველია არაუმეტეს სამი დღისა. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.
გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი სხვებსაც!