როგორ მოვამზადოთ ჭარხალი, რომ მისგან ფრანგული დელიკატესი მივიღოთ

კარანტინის პერიოდში ბევრმა ადამიანმა უამრავი კულინარული ექსპერიმენტი ჩაატარა. მათგან სხვადასხვა საინტერესო დელიკატესი შეიქმნა ან ახლად წარმოჩინდა. აღსანიშნავია, რომ უბრალო პროდუქტების კომბინაციით გაცილებით უფრო საინტერესო გემოები იქმნება, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული ძვირადღირებული რეცეპტებით.

ერთ-ერთი ასეთი კერძია ჩაშუშული ჭარხალი, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით გაგიმხელთ.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ჭარხალი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 200 გრ სტაფილო
  • 1 ს. კ. შაქარი
  • 250 გრ არაჟანი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 40 გრ კარაქი
  • ერთი ძირი ოხრახუში
  • ერთი კონა ახალი მწვანილი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 60 მლ ზეთი
  • 50 გრ ნიგოზი

მომზადება

1. ჭარხალი კარგად გარეცხე, გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე.

2. იგივე პროცედურები ჩაატარე სტაფილოსა და ოხრახუშის ძირისთვის.

3. მომზადებული ბოსტნეული ჩაყარე სქელძირიან ქვაბში, დაასხი ლიმონის წვენი და ზეთი. კარგად აურიე და შუშე დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.

4. ტაფაზე გაადნე კარაქი და მასში შეურიე ფქვილი. შემდეგ დაამატე მარილი, საკმაზი, შაქარი და არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიე და დააყოვნე სოუსი დაბალ ცეცხლზე ორი წუთით. ამის შემდეგ ტაფაში ჩაყარე მოშუშული ბოსტნეული და კარგად აურიე სოუსში.

5. მზა სალათა გადაიტანე დიდ თეფშზე და მოაყარე ახალი მწვანილი და დაჭრილი ნიგოზი.

სურვილის შემთხვევაში კერძს შეგიძლია დაამატო შავი ქლიავის ჩირი. ძალიან მოუხდება და უფრო გამოკვეთილ გემოს მიანიჭებს. გემრიელად მიირთვით!

საინტერესოა, თქვენ რომელ ინგრედიენტით გაამდიდრებდით კიდევ ამ გემრიელ და მარტივ კერძს. მოგვწერეთ თქვენი აზრი!

კომენტარის დატოვება