ტორტი სახელად ,,შეშლილი ნამცხვარი”

ეს ნამცხვარს ამერიკაში ცნობილია, როგორც ,,ქრეიზი ქეიქი.” მისი რეცეპტი შეიქმნა მაშინ, როცა ბევრი პროდუქტის დეფიციტი იყო. ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამასთან კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

,,შეშლილი ნამცხვარი” საკმაოდ მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. ექსპერიმენტის მოყვარულებს ვეტყვით, რომ ეს ჰაეროვანი შოკოლადის ბისკვიტი, რომელიც მოხარშული კრემით არის გაჟღენთილი, კიდევ უფრო გემრიელი გახდება, თუ მას ლიქიორით დავნამავთ. ეს რჩევა უფროსებს გამოადგებათ!

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 410 გ ფქვილი
  • 500 გ შაქარი
  • 6 ს. კ. კაკაო
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ 320 გ ფქვილი, 300 გ შაქარი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ცოტათი შეათბეთ 0,5 ლ რძე და ჩაასხით მშრალ მასაში. აურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.

2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

3. კვერცხი ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან და ფქვილთან ერთად. წამოადუღეთ 0,5 ლ რძე და წვრილი ჭავლით ჩაასხით მიღებულ მასაში. კრემი დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან სულ ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

4. მზა ბისკვიტი გაყავით 2 ან 3 ნაწილად და წაუსვით მას თბილი კრემი. ტორტი შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადით ან ქოქოსის ფანტელებით. დააყოვნეთ 1-2 საათით, რათა გემოები გაუჯდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტორტში არ შედის კარაქი, იგი მაინც ძალიან გემრიელი გამოდის. შეგიძლიათ ზემოდანაც მოასხათ შოკოლადის მინანქარი, ეს ნამცხვარს უფრო სადღესასწაულო იერს მიანიჭებს. ძალიან გემრიელია, გირჩევთ გასინჯოთ!

კომენტარის დატოვება