თაფლის ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც 30 წუთში შეძლებთ

სიტყვა ,,ტორტის’’ ხსენებაზე ყველას წარმოუდგება მზადების ხანგრძლივი და რთული პროცესი, უამრავი ჭურჭელი და დასვრილი სამზარეულო. თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს ასეთი თაფლის ნამცხვარი, რომელიც ნახევარ საათში მზადდება.

ეს ტორტი თითქმის ყველა ადამიანს უყვარს და ამიტომ თქვენს კულინარულ ზარდახშაში მისი რეცეპტი ნამდვილი მარგალიტი იქნება.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ თაფლი
  • Ერთი მწიკვი მარილი
  • 75 გ კარაქი
  • 180 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 500 გ არაჟანი
  • 75 გ შაქრის პუდრა
  • 20 გ ვანილის შაქარი

Მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად, დაამატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და თაფლი. ათქვიფეთ კარგად.

2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს და ჩაყარეთ კვერცხის ნარევში. Აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით.

3. საცხობ ფორმას ჩააფინეთ პერგამენტი და მასზე თანაბრად გაანაწილეთ ცომი. Გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის მანძილზე. გააციეთ.

4. მოამზადეთ კრემი: ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ვანილის შაქარი და შაქრის პუდრა.

5. ცომს ჩამოაჭერით ნაპირები და გაყავით ის 4 ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილს კი წაუსვით კრემი, მათ შორის, გვერდებზეც.

6. ცომის ჩამონაჭრები გამოაშრეთ ღუმელში და დაანამცეცეთ. მოაყარეთ ტორტს ზემოდან და გვერდებზე. ნამცხვარი კი დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, სანამ დარბილდება. 

როგორც ხედავთ, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებითა და მინიმალური ძალისხმევით, ძალიან მოკლე დროში მზადდება იდეალური, ყველასთვის საყვარელი დესერტი. გემრიელა მიირთვით! 

კომენტარის დატოვება