პატრონი გაოცებული დარჩა, როდესაც დაკარგული კატა სახლში 14 წლის შემდეგ დაბრუნდა

მსოფლიოში უამრავი არაორდინალური შემთხვევა ხდება, თუმცა წლების წინ დაკარგული შინაური ცხოველების სახლში დაბრუნება მაინც ყოველ ჯერზე უამრავ ემოციებს იწვევს მთელს ინტერნეტში. სწორედ ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავსაც, რომელიც იმით დაიწყო, რომ ჯანეტ ადამოვიცი გულგატეხილი დარჩა მაშინ, როდესაც 2005 წელს მისი კატა სახლიდან გაიქცა და გაუჩინარდა. მაშინ ცხოველი მხოლოდ 4 წლის იყო, პატრონმა კი ყველაფერი იღონა მის მოსაძებნად. ჯანეტმა მთელი ერთი წელი დაუთმო საყვარელი კატის ძებნას და ადგილობრივ გაზეთში განცხადებაც კი გამოაქვეყნა.

წარუმატებელი მცდელობისა და დანებების შემდეგ, გულნატკენმა ქალმა გადაწყვიტა სახლი ახალი მეგობრებისთვის დაეთმო და ორი კატა იშვილა, ერთი 2008 წელს, ხოლო მეორე 2014 წელს. მას არაფრის იმედი აღარ ჰქონდა და მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ მისი დაკარგული კატა ბუ სხვასთან მაინც ყოფილიყო თბილად და უსაფრთხოდ.

ამიტომ ყველაზე მოულოდნელი მისთვის სწორედ ის მომენტი გამოდგა, როდესაც 13 წლის შემდეგ ვეტერინარის ოფისიდან დაურეკეს. ვეტერინარმა მას უთხრა, რომ მისი დაკარგული კატა ჰყავდათ ნაპოვნი, თუმცა ჯანეტმა ეს შეიცხადა და არ დაიჯერა, რადგან მისი ორივე ახალი კატა მის სახლში იმყოფებოდა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ვეტერინარები მისთვის ბუს იპოვიდნენ.

ყველასთვის გასაკვირად, 17 წლის კატის კვალობაზე ბუ საკმაოდ ჯანმრთელია და როგორც ჩანს, ქუჩაში ცხოვრების მიუხედავად მხოლოდ დეჰიდრატაციის პრობლემა აწუხებდა. როგორც გაირკვა, კატა ვეტერინართან უცნობმა ქალმა მიიყვანა მას შემდეგ, რაც იგი ჯანეტის ქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით იპოვა.

როგორც ჯანეტი აცხადებს, მიუხედავად იმისა რომ ბუ 5 წლის იყო მხოლოდ როდესაც დაიკარგა, იგი პატრონს ისევ იდეალურად ცნობს და მთელ დღეებს ისევ მასთან ერთად ატარებს. როგორც ვეტერინარი ამბობს, ბუს და მისი პატრონის შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ მის შენობაში ვერავინ იკავებდა ცრემლებს.

შეხვედრიდან რამდენიმე წუთში წყვილი კვლავ ძველებურად ერთობოდა სახის ხახუნითა და სხვა თბილი ჟესტებით.

ასეთი საბედნიერო დასასრული კატის სხეულში ჩამაგრებული ჩიპის წყალობით მოხერხდა. ამ სანიშნზე კატის მფლობელის ინფორმაცია ინახებოდა და სწორედ მისი გადამოწმების შედეგად იპოვეს ვეტერინარებმა კომპიუტერულ ბაზაში კატის დაკარგვის შესახებ გაკეთებული განცხადება.

საბოლოოდ ბუ სახლში დაბრუნდა მის საყვარელ პატრონთან ერთად. როგორც ირკვევა, ჯანეტის ახალი ორი კატა მას არც ისე თბილად შეხვდა, როგორც ეს მათ პატრონს სურდა. თუმცა, ჯანეტის და ბუს მეგობრობა ისევ ძველებური ტემპით გრძელდება და კატა მას მთელი დღე კუდში დაჰყვება.

 

 

კომენტარის დატოვება