2025 წლის 21 აპრილს მოსკოვის ბუტირსკის სასამართლომ მიხეილ ხაჩატურიანი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო პორნოგრაფიის გავრცელებაში, წამებასა და სექსუალურ ძალადობაში საკუთარი ქალიშვილების მიმართ.
2018 წლის ზაფხულში კრისტინამ, ანგელინამ და მარია ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა მოკლეს. უკვე ექვსი წელია, გოგონების დაცვა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს თავდაცვა იყო.
ანგელინა ხაჩატურიანის ადვოკატი, მარი დავთიანი BBC-სთან საქმის დეტალებზე საუბრობს.
ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვკითხავდით, თავს წამების იარაღად ვგრძნობდი…
ამჟამად სამივე და თავისუფალია, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. გოგონებს არ შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, მედიასთან და ერთმანეთთან ურთიერთობა. ადვოკატს ეს პირობა განსაკუთრებულად სასტიკად მიაჩნია.
“ისინი გადარჩნენ, იმის წყალობით, რომ ძალადობის წლებში თითოეული ცდილობდა დაეცვა ორი სხვა. და როდესაც სასამართლომ აუკრძალა მათ ერთმანეთთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს მძიმე იყო. მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ სხვა არჩევანი ამჟამად არ გვქონდა, ალტერნატივა იყო პატიმრობა“, – ამბობს დავთიანი.
2020 წლის ნოემბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დებს დედასთან – აურელია დუნდუკთან ურთიერთობის უფლება მისცა. 2015 წელს ხაჩატურიანმა ცოლი სახლიდან გააგდო და აუკრძალა ქალიშვილებთან საუბარი, ამიტომ ქალმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა მამის მხრიდან ძალადობაზე. მას შემდეგ, რაც გოგონებმა მამა მოკლეს, დედა იმ დღიდან ცდილობდა შვილების დაცვასა და დახმარებას.
მათ ძალიან უყვარდათ დედა, და ფაქტობრივად, სწორედ მისი გადარჩენისა და დაცვის მიზნით დათანხმდნენ მამასთან ცხოვრებას, რომ დედა წასულიყო. ფიქრობდნენ, რომ დედას მაინც უნდა ეცხოვრა მშვიდად, რადგან ცხოვრებაში კარგი არაფერი ენახა.
შემიძლია ვთქვა, რომ მან, უბრალოდ,მშვენიერი გოგონები აღზარდა: ჭკვიანები, ძლიერები, მამაცები. ეს მისი დამსახურებაა, – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ამჟამად დებმა დაამთავრეს სკოლა, მუშაობენ და ცდილობენ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ. მაგრამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უჭირთ, რადგან გაჭიანურებული სასამართლო პროცესი ამის საშუალებას არ აძლევთ. გოგონებს არაერთხელ მოუწიათ ჩვენების მიცემა და მუდმივად უწევთ იმის გახსენება, რაც გადაიტანეს.
ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვკითხავთ, პირადად მე თავს წამების იარაღად ვგრძნობ. თუმცა ჩვენ ადვოკატებმა ვიცით ამის სიფრთხილით კეთება, ამაში გაწვრთნილები ვართ, დიდი გამოცდილება გვაქვს და ვცდილობთ ყველა შედეგი მინიმუმამდე დავიყვანოთ. მაგრამ როდესაც ეს ხდება უამრავჯერ გინდა თუ არა, ტკივილს და ტანჯვას აყენებ მათ, – ამბობს დავთიანი.
2019 წელს დებს ბრალი წაუყენეს წინასწარი შეთანხმებით მკვლელობაში. ადვოკატები მაშინვე მოითხოვდნენ საქმის გადაკვალიფიცირებას თავდაცვის მუხლით, ხოლო გოგონების დაზარალებულებად ცნობას.
როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, ბოლო თავდასხმა მიხეილ ხაჩატურიანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, როდესაც მან, სავარაუდოდ, “დასაჯა“ ქალიშვილები არეულობისთვის. მან ოთახში სათითაოდ იხმო ისინი და სახეში წიწაკის გაზი შეასხა. ეს, ადვოკატების მტკიცებით, ადასტურებდა, რომ გოგონებმა მკვლელობა სპონტანურად ჩაიდინეს და არა განზრახ.
იმავე წელს საგამოძიებო კომიტეტმა ძალადობის ფაქტები აღიარა, მაგრამ მამის მიმართ საქმის აღძვრაზე ხაჩატურიანის გარდაცვალების გამო უარი თქვა. თუმცა, 2021 წლის მარტში სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა. დავთიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილება სერიოზული მტკიცებულება გახდება იმისა, რომ მკვლელობა თავდაცვის ფარგლებში იყო ჩადენილი. ანგელინას კიდევ ერთმა ადვოკატმა, ალექსეი პარშინმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები აპირებენ შუამდგომლობის შეტანას კრისტინას, ანგელინასა და მარიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. დავთიანის თქმით, პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავად დებისთვის, რადგან მათ, საბოლოოდ, მრავალი წლის შემდეგ სამართლიანობის მიღწევა შეძლეს.
რატომ უნდა დაკვალიფიცირდეს მიხეილ ხაჩატურიანის მკვლელობა როგორც თვითდაცვა?
ბრალდება ამტკიცებდა, რომ მკვლელობა განზრახ იყო ჩადენილი, რადგან მიხეილს ეძინა, როდესაც ქალიშვილებმა მას დარტყმა მიაყენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ისინი თავს არ იცავდნენ. მარი დავთიანი განმარტავს, რომ თავდასხმა, უბრალოდ, ასე არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ დები წლების განმავლობაში განიცდიდნენ ძალადობას, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო სასტიკი ხდებოდა. უკანასკნელ დღეს კი კაცი პირდაპირ დაემუქრა შვილებს, რომ დახოცავდა.
სამივე მათგანი ჰყვებოდა, რომ იმ დღეს ფიქრობდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი დღე იყო, მაგრამ მათ არ შეეძლოთ თავის დაცვა, როდესაც ის ფხიზლად იყო, რადგან ის უზარმაზარი კაცი იყო. მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ თავდაცვის ერთადერთი შანსი იყო მაშინ, როდესაც მას ეძინებოდა, რადგან მეორე შანსი მათ არ ექნებოდათ.
იმ დღეს მან უკვე, პრაქტიკულად, პირდაპირ თქვა, რომ შვილებს დახოცავდა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დებს განუვითარდათ დამცავი თავდაცვითი რეაქცია.
მიხეილ ხაჩატურიანის ადვოკატმა გიორგი ჩუგუაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მოსკოვის ბუტირსკის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და რომ მოკლულის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მხოლოდ მისი ქალიშვილების სიტყვებს ეფუძნება.
თუმცა, როგორც მარი დავთიანი ამბობს, სასამართლოზე დაიკითხა დაახლოებით 30 მოწმე, მათ შორის ექსპერტები, დების მეგობრები და თანაკლასელები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში იცოდნენ, რა ხდებოდა ხაჩატურიანების ოჯახში. საკვანძო მტკიცებულებები გახდა გოგონების მიმოწერა სოციალურ ქსელებში, მესინჯერებში ერთმანეთთან და მეგობრებთან, რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ძალადობის პერიოდების რეკონსტრუქცია.
ამ მიმოწერების საფუძველზე ჩავატარეთ ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზები. დადგინდა, რომ გოგონები იტყობინებოდნენ ფიზიკურ, სექსუალიზებულ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მათ მიმართ. მათ შორის, ექსპერტიზებმა აჩვენა, რომ გოგონები აღიქვამდნენ სიტუაციას, რომელშიც ცხოვრობდნენ, როგორც სიცოცხლისთვის საშიშს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი რაოდენობით ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზები. ესეც პრეცედენტია, მე მგონია, ასეთი რაოდენობის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზები ერთ ადამიანზე ძნელად თუ სადმე სხვა საქმეში შეიძლება ნახოთ. ყველა ამ ექსპერტიზამ აჩვენა მძიმე შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. და ეს შედეგები პირდაპირ კავშირში იყო მამის მხრიდან ხანგრძლივ სისტემატურ ძალადობასთან, – ამბობს ადვოკატი.
მთელმა კლასმა იცოდა, რა ხდებოდა მათ სახლში, არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილებამ იცოდა, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიამ იცოდა. მე, უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი იმით, თუ რამდენად უმოქმედო იყო სამსახურები დებ ხაჩატურიანების საქმეში. ნუთუ არცერთ ზრდასრულს არ უცდია საუბარი, უბრალოდ, ადამიანურად საუბარი ამ გოგონებთან, – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, პოლიციაში, სოციალურ სამსახურებსა და სკოლებში არ არიან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან. ეს იმის შედეგია, რომ რუსეთში მსგავსი ტიპის ძალადობა კრიმინალიზებული არ არის
ადვოკატი მარი დავთიანი ხაჩატურიანების დების საქმეს თავის პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად მძიმედ მიიჩნევს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ განხილვების დროს გაირკვა, რამდენად სასტიკად ეპყრობოდა მიხეილ ხაჩატურიანი თავის ქალიშვილებს. მეორეც, იმიტომ, რომ გარშემომყოფები არანაირად არ რეაგირებდნენ ამ სისასტიკეზე და არ ცდილობდნენ კრისტინას, ანგელინასა და მარიას დახმარებას.
როდესაც მიმოწერებს ვკითხულობდით, ჩვენი მოწმეები ტიროდნენ, პროცესის ყველა მონაწილე ტიროდა. – ამბობს ადვოკატი.