თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს.
როგორც გაირკვა, იმ დროს როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში, შვილი კი სახლიდან გაქცეული იყო.
მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, ძალოვნებს უშუალოდ მკვლელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. დაკავებულ სამ პირს კი სამართალდამცავები დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. როგორც ჩანს, მათ უკვე მისცეს სამართალდამცავებს ჩვენება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია რა დეტალებზე საუბრობენ ისინი, მკვლელობის მოტივად რას ასახელებენ და ამხელენ თუ არა უშუალოდ მკვლელს.
ამ უმძიმეს ფაქტზე ინფორმაცია დღეს ცნობილმა ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში:
“ჩემი მეგობრის, უსაყვარლესი გოგოს შვილი მოკლეს, მკვლელებმა ცოცხალ-მკვდარი ბიჭი მკვლელის სახლში ჩაკეტეს და მკვლელის დედამ იპოვა გვამი 2 დღის შემდეგ. ოჯახი 2 დღე ეძებდა თაზოს. სამხარაულიდან დღეს ჩემს თვალწინ 3 ახალგაზრდა 18, 20 წლის ბიჭების გვამები გამოასვენეს, სად ვცხოვრობთ ხალხო, რა ქვეყანაა ეს, ასე პირსისხლიანი მკვლელები სახელმწიფოს გარეთ რატომ გვყავს? რანაირად ვანუგეშო თაზოს დედა, ან რა სიტყვები ვუთხრა არ ვიცი… ერთს გპირდები, მკვლელები სათანადოდ დაისჯება და უმკაცრესად”,- წერს ადვოკატი ელისო რუხაძე “ფეისბუქზე”.
ჩვენ ადვოკატს დავუკავშირდით, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ელისო რუხაძე საქმეში ალბათ მალე ჩაერთვება და ყველა დეტალი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გახდება მისთვის ცნობილი.
დაკავებულ სამ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალს მალე წარუდგენენ და მათი სასამართლო პროცესი მალე ჩატარდება.
შოკისმომგვრელია ის დეტალები, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი.
როგორც წყარო გვიყვება, დანაშაულში მონაწილე პირები თაზო მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. თაზო თურმე საშაურმეში მუშაობდა და ამ საშაურმეში მომუშავე პირები ახლა საკანში არიან გამოკეტილები.
ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:
– სასწაული, მართლა სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე “მესიჯობაში”, იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა. გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო. ეს შოკისმომგვრელი ამბავი რომ გავიგე, ვერ ვიჯერებდი, იმდენად უწყინარი ადამიანი იყო. ძალიან განვიცდი თაზოს მკვლელობას. თაზო საშაურმეში მუშაობდა ჩემთან ერთად. იქ მუშაობდნენ ის ბიჭებიც, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან. დაკავებული სამი პირიდან ჩვენი საშაურმის ორი მოლარეა დაკავებული, კიდევ ერთი პირი, მეშაურმე გაქცეულია. როგორც ვიცი, ორია გაქცეული ქვეყნიდან, ჩვენი მეშაურმე, რომელსაც ბაირამი ჰქვია და მასთან ერთად გაქცეულია მისი ძმაკაცი, რომელსაც მე არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ბაირამის ძმაკაცია და მის სახლში მოხდა ეს მკვლელობა. ნეტავ რამე ვიცოდე, ყველაფერს ვიტყოდი, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს. ის ორი დაკავებული ძალიან ახალგაზრდები არიან – ალბათ 20 წლისები. როგორც ვიცი მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მეშაურმესთან, რომელიც გაქცეულია, არ მქონდა ახლო ურთიერთობა. მგონი 1 კვირის წინ ჩვენმა უფროსმა დაწერა სამსახურის “ჩათში”, რომ თაზო სოფელში ბრუნდებოდა და სამსახურში ვეღარ გამოვიდოდა ცოტა ხნით. თაზო კახეთიდან იყო, ასე ვიცოდით, რომ უბრალოდ ცოტახნით ბრუნდებოდა სოფელში და მერე ისევ აპირებდა ალბათ ჩვენთან მუშაობის გაგრძელებას. ვიცი, რომ ადრეც გაუკეთებია ასე, რაღაც პერიოდი სოფელში იყო დაბრუნებული და მერე ისევ რომ ჩამოვიდა აქ დაიწყო მუშაობა.
– ჯგუფში რომ დაწერეს სოფელში მიდისო, მაშინ მოკლული ჰყავდათ?
– არ ვიცი როდის მოკლეს. 17 თებერვალს თაზოს დაბადების დღე ჰქონდა. ზუსტად თაზოს დაბადების დღეზე მწერდა ეს მეშაურმე, რომ ტატუზე ჩამწერეო, ტატუს ვაკეთებ და უნდოდა ჩაწერა, თან მთვრალი იყო და სისულელეებს მწერდა. მეორე დღეს ჩავწერე, მაგრამ ჯერ მითხრა, ცოტა გადავდოთ, რამდენიმე საათითო და მერე საერთოდ აღარ მოვიდა. მეორე, ვინც დაჭერილია მოლარე, იმ ბიჭმაც 17 რიცხვში, თაზოს დაბადების დღეზე სმენის გადაცვლა მთხოვა და გადავუცვალე. ზუსტად როდის მოკლეს, არ ვიცი.
– თაზო ამ ბიჭებთან ერთად ხშირად დადიოდა?
– ისინი ხშირად იკრიბებოდნენ, მაგრამ თაზო მაგ ბიჭებთან ერთად არასდროს მინახავს, სხვა თანამშრომლებთან ერთად ვისთანაც ვიცი, რომ ძმაკაცობს, იმათთან ერთად იყო ხოლმე სულ. ამათთან ერთად არასდროს მინახავს ცალკე, სამსახურის გარეთ გასული.
– რომ დაიწერა ჩათში თაზო სოფელში წავიდაო იმ დროსთვის უკვე მოკლული ჰყავდათ?
– არ ვიცი, შეიძლება. უბრალოდ გამაოგნებელია ის, რომ გუშინ ერთ-ერთი დაკავებული სმენაში იყო ჩვეულებრივ მოსული და მას არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა. მიკვირს როგორ შეძლო ამ ამბის შემდეგ მოსვლა. თან გუშინ საღამოს მომწერა, რომ ტატუს გაკეთება უნდოდა, ასე უსინდისოდ. არ ვიცი რა მოხდა იქ. არადა ამ ბიჭებიდან არავისზე ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. ასეთ რამეს როგორ წარმოვიდგენდი. თაზოს დედა ჰყავს თიანეთელი და ეს რომ გავიგე, მას მერე კიდევ მეტად დავმეგობრდით, რადგან მეც თიანეთიდან ვარ.
– მკვლელობის მოტივად რას ამბობენ?
– როგორც ვიცი, ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია მაგან თქვა, რომ ფულის გამო იჩხუბეს. სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია. როგორც გავიგე, ცემით ჰყავს მოკლული. მაგიდაზე ნარტყამი აქვს თავიო. სხვა დეტალი მართლა არ ვიცი, თორემ არაფერს დავმალავ, ყველამ საკადრისად უნდა აგოს პასუხი. ზუსტი პასუხი არავინ ვიცით, ჩვენც ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით რა იქნება. ვის რა როლი აქვს ამ დანაშაულში, რატომ გაიმეტეს ახალგაზრდა ბიჭი ასე სადისტურად მოსაკლავად, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა ეს და სხვა მრავალი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება.