7 თებერვალი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დაშრიტე მწუხარება ჩემი ხსენების დღე
დღეს, 7 თებერვალს, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დაშრიტე მწუხარება ჩემი ხსენების დღეს.
ეს ხატი განსაკუთრებული თაყვანისცემითაა ცნობილი, რადგან მორწმუნეები მას ხორციელი და სულიერი სნეულებების, მწუხარებისა და ცოდვილი ვნებებისგან განთავისუფლებისთვის ევედრებიან.
რატომ უწოდებენ ხატს დაშრიტე მწუხარება ჩემი?
ხატი სახელწოდებით მიანიშნებს ღვთისმშობლის უდიდეს მოწყალებაზე – ის შვებას ანიჭებს მწუხარეთ, ამშვიდებს აღელვებულ გულებს და განკურნავს სნეულებს. მას განსაკუთრებული სასოებით მიმართავენ ისინი, ვინც ტკივილს, სულიერ თუ ხორციელ განსაცდელებს განიცდის.
ტროპარი (ლოცვა ღვთისმშობლისადმი)
დააცხრენ ვნებანი მრავალცოდუილისა სულისა ჩემისანი,
რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა
ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ,
რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ
და ცოდუილთა ჭმუნვასა განუქარვებ,
რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა
სიმტკიცე და სასოება,
ყოვლადწმინდაო დედა და ქალწულო.
ლოცვა ღვთისმშობლისადმი
ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ,
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო,
ნუგეშინისმცემელო ჩემო!
ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა
და ნუცა კადნიერთა ლოცვათა ჩემთა –
უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან,
არამედ, გევედრები,
ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე
და სინანულითა აღმადგინე,
სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნე,
დედუფალო,
ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრე,
ყოვლადწმიდაო,
და ტვირთი ცოდუათა ჩემთანი აღმიმსუბუქე,
ყოვლადსახიერო,
და დაშრიტე მწუხარებაჲ
შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ,
რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა
და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი,
რაითა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის,
ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე,
გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!
ამ დღეს მორწმუნეები ღვთისმშობელს მიმართავენ ლოცვით, სთხოვენ სიმშვიდეს, განსაცდელებისგან დაცვას და სნეულებებისგან გათავისუფლებას.