დღეს, ბათუმის გოროდოკის დასახლებაში გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.
ჩვენი ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და სავარაუდოდ, იგი მოკლულია. თუმცა, ზუსტი გარემოებების დადგენა დამატებით გამოძიებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის გამოძიება მუშაობს იმის გასარკვევად, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ვინ შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტიზისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ მტკიცებულებების შეგროვებაზე.
მოსახლეობა შოკირებულია მომხდარით და აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევა უბანში იშვიათად ხდება.
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი განზრახ მკვლელობას ეხება და დამნაშავის მიმართ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე.