როგორი იქნება 2025 წელი და რა მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება დატვირთული ის მთელი 12 თვის განმავლობაში? – აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში, ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც დეტალურად განმარტავს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, რაც მომდევნო ერთი, და ამასთან რამდენიმე წელიც კი იქნება ტენდენციური ცის კაბადონზე.
„ახლოვდება 2025 და ესეც დაპირებული პროგნოზი. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც განხილული მაქვს ყველა მნიშვნელოვანი პლანეტარული გადასვლა – „ინგრესია“ და მათი გამოვლინებები, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ საფეხურზე“, – წერს ასტროლოგი.
რა გავლენა ექნება გიგანტი პლანეტების გადაადგილებებს და, რას მოუტანს იგი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? „დაიჯესტი“ გიორგი ლობჯანიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„I. საუბარს დავიწყებ მცირედი ნუმეროლოგიური ხაზით, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ რიცხვებს კიდევ სხვა მისტიკური ძალა აქვთ, შესაბამისად არც დამდეგი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი! არც მეტი არც ნაკლები, 2025-ის ციფრთა ჯამი გვაძლევს 9-ს.
9 – ცხრიანის ბუნება მეტად ტრანსფორმაციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2025 წელი ჩვენგან ითხოვს ძირეულ ცვლილებებს, ყველაფერი დრომოჭმულისგან დაცლას, გასუფთავებას. 9, ნაწილობრივ, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა გამანადგურებლის როლშიც მოგვევლინოს, თუ ნებით არ აღასრულებს ადამიანი იმ ამოცანებს, რის წინაშეც დგას.
დასახული უნდა იყოს მიზნის მიღწევა და მისკენ სავალ გზაზე დადგომა! ამ ციფრის ქვეშ დაბადებულებიც მაქსიმალისტები და მოსიყვარულეები არიან! მისი პლიუს შტრიხებია გონება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ამიტომ დრო ითხოვს ახალი კადრების დაბადებას ან ჩაკარგული წევრების კარგად გააქტიურებას რომ რეზულტატი სასიამოვნო აღმოჩნდეს! დიდი მნიშვნელობა ექნება კადრებს, რადგანაც სწორედ ისინი წყვეტენ ყველაფერს!
II. სამყაროს მისიური კვანძები, საუბარი მაქვს მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძებზე იცვლიან ნიშნებს და ამჯერად, ვერძი-სასწორის ღერძიდან გადაინაცვლებენ თევზები-ქალწულის ღერძზე, ეს ინგრესია კი წლის დასაწყისშივე გველოდება, 11 იანვარს და 2026 წლის შუა ზაფხულამდე ვივლით ამ ხაზით.
თუ ჩვენ სუფთა ასტრონომიული თვალით დავაკვირდებით, მთვარის კვანძები შეესაბამება იმ ადგილებს, რომლებზეც ღამის მანათობლის ორბიტა ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს.
ეს წერტილები გვიჩვენებს როგორია ჩვენი სულიერი განვითარების გზა, რა ამოცანების წინაშე ვართ დამდგარნი და როგორ შეგვიძლია გარემოსთან ჰარმონიული ადაპტაცია.
სახელმწიფოებრივ ან კაცობრიულ საფეხურზე კი, რადგანაც ახლა მომდევნო დაახლოებით წელიწად-ნახევრის მანძილზე ინგრესია გველოდება თევზებისა და ქალწულის ღერძზე, საგულისხმოა, რომ ზუსტად ამ ხანებში მოგვეთხოვება მეტი რწმენისა და პრაქტიკული სწორი ნაბიჯების სინთეზი.
შესანიშნავი დროა კოლექტიური სამაშველო-სადამხმარებლო ჯგუფების, ორგანიზაციების შექმნის ან გაერთიანებისთვის. დაგროვილი ნეგატივისგან გაწმენდვისთვის, მიტევების, პატიების, წყენებისგან დაცლისთვის. ეს ფანჯარა გაიხსნება იანვარში, მთავარია რამდენად შეძლებს ახლა კაცობრიობა კვლავ ღმერთისკენ მობრუნებას.
თევზები – მუტაბელური ფენის წარმომადგენელია, სტიქია წყალი.
განასახიერებს მეცნიერულ კვალზე ფსიქოლოგიურ სამყაროს, სულიერი ხაზით კი რელიგიას. წინა ხაზზე უნდა წამოვიდეს დუალიზმში ორივე ინსტიტუტის გააქტიურება ან ადამიანების კეთილგანწყობა ერთმანეთისადმი.
წარსულის დავიწყება, არსებული პრობლემების გაერთიანებული ძალებით მოგვარება, ნათლისკენ დგომა და ყველაფერი გამოუსადეგარის ურნაში სროლა.
ქალწული – ესეც მუტაბელური ფენაა, სტიქია მიწა. ქალწული გამოირჩევა საოცარი სიზუსტითა და შრომისუნარიაობით. მათი მუყაითი ხასიათი ნამდვილად გარანტია წარმატებისა. ის, რაც მათ უდევთ ფსიქოტიპში დეტალებზე კონცენტრირებული ბუნება მართლაც საოცრად საგულისხმოა დღევანდელი დროებისთვის.
ამ კვანძების ინგრესიაზე ჯამში ჩვენ გვჭირდება გაკერხერება, ძირშივე ყველა მავნე ჩვევის, ნერვული დაძაბულობების, სულიერი ბლოკებისგან გათავისუფლება. რადგან თავში თევზებია, ესაა ბრძოლა ღვთიური სიმართლისთვის. მიაქციეთ ამ ხანებში თითოეულ თქვენს სიტყვას, დაპირებას, ტყუილი და ილუზია ბუმერანგის პრინციპით, საკმაოდ ნეგატიურად დაბრუნდება უკან, არაა გამორიცხული ამის გამო ბევრმა დაკარგოს ის, რაც აქვს, იქნება ეს სამსახური, თანამდებობა, თანხა, ჯანმრთელობა ან სხვა.
დადებითად განვითარების შემთხვევაში, თუ ადამიანი და სახელმწიფო, კაცობრიობა დაიწყებს ამ ღერძის პოზიტიურად ამოძრავებას, მაშინ ეს მოიტანს ბევრ მაგარ პროექტს, დაწინაურებებს და გაერთიანებულ ორგანიზაციებს, რაც საფუძველს ჩაუყრის უამრავი სიკეთის განხორციელებას. არჩევანს კი თავად ვაკეთებთ, ამიტომ ბედსაც ჩვენ ვქმნით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სამყაროში გაიხსნება ფანჯარა, რა დროშიც უნდა მოვასწროთ ჩატევა, მობრუნება სინათლისკენ და ჩვეულ კალაპოტში ჩადგომა. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს კაცობრიობა და შეეცდება მშვიდობის, სიკეთის გავრცელებას, აგრეთვე, ერთ დროს დაგროვილი უარყოფითის დავიწყებას, მაშინ არ დააყოვნებს შედეგებიც. თუმცა, შედეგი გართულდება მაშინ, თუ ამ ყველაფერს უგულებელყოფთ! სასჯელის ან, როგორც იტყვიან, ბუმერანგის სახით კი, არაა გამორიცხული, რომ მივიღოთ ახალი ინფექციები, დაავადებები, პანდემია ან შეზღუდვები, რაც ნიშანი იქნება რომ მრუდე გზას ვადგავართ.
დიდი დრო უნდა დაეთმოს ამ პერიოდში, თევზების ღერძიდან რელიგიის და ფსიქოლოგიის სექტორს, ხოლო ქალწულის მხრიდან კი მედიცინის მიმართულებას. ამ სფეროებზე და შინაგანი ჰარმონიის პოვნის გზებზე წამოვა დიდი დაწოლა.
III. 2025 წლის გაზაფხული იქნება მეტად ყურადღების ეპიცენტრში. უმაღლესი პლანეტებიდან, ისეთი პლანეტა, როგორიცაა ნეპტუნი დაასრულებს თავის 14 წლიან ციკლს თევზების ზოდიაქოს ნიშანში და 2038 წლამდე გადაბრძანდება ვერძის ნიშანში, რაც უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.
ნეპტუნი წარმოადგენს – ტრანსცენდენტულობის, იდეალიზმის, სულიერების, შთაგონების და წარმოსახვის პრინციპს. ის ასოცირდება კოლექტიურ ოცნებებთან და მისტიციზმთან, რომელიც გამოხატულია ხელოვნების, ფილმების, მუსიკის, რელიგიის და უტოპიური სოციალური ხედვების, ასევე ქიმიური ნივთიერებების, ბაქტერიების და ვირუსების, არამატერიალურ და უხილავ სამყაროსთან.
ნეპტუნი, დაახლოებით, 2011 წლიდან მოყოლებული მოძრაობდა თავისივე მართვის ნიშანში, ანუ თევზებში, რაც მისთვის ერთობ სასიამოვნო მდებარეობაა. თევზები, ზოგადად, ინფექციური ნიშანია, შესაბამისად ამ ტრანზიტზე მოხდა ის, რაც მოხდა. გვახსოვს კოვიდ 19, ,,კორონა ვირუსი“, ნეპტუნმა წამოსწია წინა ხაზზე სულიერი მისტიკური საკითხები, ზოგში რელიგიური ბუნება, ზოგში ეზოთერული საქმიანობა და ა.შ. მოგვცა მძიმე წყალდიდობებიც, მიწის ძვრები, თუმცა იყო ბევრი პოზიტივი და აღმოჩენები, რასაც უნდა გაესვას ხაზი.
ნეპტუნი ვერძში ბოლოს მოძრაობდა 1861-1874 წლებში, მას შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში ნეპტუნთან ერთად ცის კაბადონზე ურანი ტყუპებში იმყოფებოდა, ახლაც 2025 წელს ორივე ეს დიდი ინგრესია გველოდება. ახლაც ნეპტუნი იქნება ვერძში, ხოლო ურანი წავა ტყუპებში.
რაც მაღლა ვთქვი, სუფთა ისტორიული თვალსაზრისით კი, ამ ტრანზიტზე გვახსოვს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი. ამ ომმა ამერიკა დაყო ორ ნაწილად ჩრდილოეთად და სამხრეთად. სახელმწიფო იბრძოდა ძალაუფლებისა და მონობის გაუქმებისთვის. გახსოვთ, ალბათ აბრაამ ლინკოლნი და მისი ცნობილი გეტისბურგის მიმართვა. მონობა კი გააუქმეს შტატებში 1865 წელს!
სხვაგან, მაგალითად შვეიცარიაში წითელი ჯვარი დაარსდა 1863 წელს, ხოლო 1866 წელს დოქტორმა ბარნარდომ დაარსდა თავისი სახლი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. უნდა გვახსოვდეს რომ მუშათა ეროვნული კავშირი დაარსდა, ასევე 1868 წელს.
ამ ტრანზიტზე გვქონდა აღმოჩენებიც: შვედმა ქიმიკოსმა ალფრედ ნობელმა გამოიგონა დინამიტი, ხოლო 1869 წელს დიმიტრი მენდელეევმა გამოაქვეყნა ელემენტების ცხრილი.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია უკვე არსებობდა პირველი ფერადი ფოტო სამფეროვანი მეთოდის გამოყენებით გაკეთდა 1861 წელს.
ნეპტუნმა ვერძში, არაა გამორიცხული, რომ გამოიწვიოს აბსოლუტურად უაზრო, ცრუ იდეოლოგიური ომებიც კი. დესრუქციულად ეს პლანეტა ავლენს თავის თავს, როგორც სიცრუის, ილუზიიის და არასანდრო წარმოსახვის მომენტებში, ხოლო ნიშნობრივად ვერძი ესაა ლიდერი, ხელმძღვანელი, ამიტომ არაა გამოიცხული, რომ ამ ტრანზიტზე დედამიწამ მიიღოს ცრუ ლიდერი, ვინ იცის მსოფლიოს პრეზიდენტი ან ის ჯგუფები, რომლებიც არასწორი ან ბოროტი წარმოდგენების მსხვერპლნი არიან.
დადებითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ ბევრი მაგარი აღმოჩენა, გავიცნოთ უკეთილშობილესი ადამიანები და ვიხილოთ ასეთი გაერთიანებებიც. არჩევანს კი თქვენ – ჩვენ ვაკეთებთ!
ცნობისთვის გეტყვით, რომ ნეპტუნი ვერძში იმყოფებოდა 1370-1383 წლებშიც, მაშინ კი ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომი მიმდინარეობდა. ასევე, ნეპტუნი ვერძში იმყოფებოდა, როცა ოსმალთა იმპერიას მართავდა სულთან სულეიმანი.
ხასიათის დადებითად განვითარებისას – ადამიანს შეუძლია რომ ოცნება რეალობად აქციოს, ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში კი უყალიბდება საოცრად დიდი ეგო და სითავხედე. ამ სითავხედემ შესაძლოა მასობრივი ცრუ ლიდერიც კი წარმოშვას, ამიტომ საზოგადოება და დედამიწა ფრთხილად უნდა იყოს!
IV. სატურნის ინგრესია ვერძში – 2025 წლის 25 მაისს, ეს უკანასკნელი, დატოვებს თევზების ზოდიაქოს და გადაბრძანდება ვერძის ნიშანში, სადაც იქ დარჩება 2028 წლის 13 აპრილამდე.
სატურნი – ესაა ჩარჩო, წესრიგი, დისციპლინა, მოთმინება, ამტანობა, ადმინისტრირება, მმართველობა, დრო, ქრონოსი, სწავლა, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, თვითორგანიზება.
სატურნი პასუხისმგებელია სულიერ ზრდაზე და დაგროვილ გამოცდილებაზე, ხოლო როდესაც იგი ვერძში გადაბრძანდება, იქ ის თავს ამოყოფოს მარსით მართვად ნიშანში, რაც მისთვის ძალიან რთული პოზიციაა. ასტროლოგიურად სატურნის ვერძში ინგრესია ,,დაცემის“ ტოლფასია და მხოლოდ 1 ქულით ფასდება.
მიუხედავად იმისა, რომ თავად უპირატესობას ანიჭებს წინდახედულებას, სიფრთხილეს და თავშეკავებას, ვერძი მიდრეკილია სიჩქარისა და პირდაპირობისკენ. მაშინ, როცა ეს ორი სხვადასხვა პოლუსი ერთმანეთს ეჯახება, ზუსტად ასეთ ვითარებაში გვთხოვს კოსმოსი რომ ვიყოთ მეტად მომთმენნი, შვიდჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
ამ დროს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ სად ვართ იმპულსურები, ზედმეტად კონკურენტუნარიანები ან მოუთმენლები, სწორედ აქ მივიღებთ, ხან და ხან, მძიმე გაკვეთილებს, რათა გავიზარდოთ და შევიძინოთ ახალი გამოცდილება.
გაფრთხილდით: ვისაც გადამეტებული ამბიცია და ეგო აქვს, სერიოზულად შემოწმდება და არაა გამორიცხული, რომ ამ ცეცხლის ენერგიამ დაწვას კიდეც. ვარჯიშია მთავარი საზღვრების პატივისცემასა და შეზღუდვების მიღებაში. ნებისმიერი სახის მოქმედებამდე ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, ვინც მოპირდაპირე მხარის ინტერესს ვერ ხედავს, ის ამ საქმეში უკვე განწირულია.
სატურნი შემოდგომით გახდება რეტროგრადული, ანუ უკან მოძრავი და ჩამოიწევს თევზების ნიშანში, რაზეც სხვა დროს ცალკე ვისაუბრებ. შემდეგ კი ისევ გააგრძელებს ვერძში მოძრაობას.
მოკლედ, 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და საშიში ზონა იქნება მაშინ, როდესაც სოციალური და უმაღლესი პლანეტები შეუერთდებიან ერთმანეთს და ეს შეერთება იქნება ყველაზე მკაფიო ზაფხულში, განსაკუთრებით კი ივლის-აგვისტოს პერიოდებში, იმ დროს პლანეტა ურანიც ახალი გადასული იქნება ტყუპების 0 გრადუსზე, რაზედაც დაბლა მოგახსენებთ და პარალელურად, აგვისტოში ნეპტუნ-სატურნის შეერთებას დაემატება აგრესიულ მარსზე ოპოზიცია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზაფხული და კონკრეტულად კი, ივლის-აგვისტო და აგვისტო უფრო მეტად, ეს საშიში დროებია, მოსალოდნელია დიდი ომები, აფეთქებები, ხანძრები, არაა გამორიცხული, რომ დედამიწა დადგეს წერტილოვანი ატომური ქობინების გამოყენების წინაშე ან უბრალოდ ზოგიერთ კონფლიქტურ ზონაში ვიხილოთ ცეცხლის კერების მკვეთრი გავრცელება და სახიფათო დესტრუქცია.
ამ პერიოდებში, არ ღირს თამამი და სარისკო ნაბიჯების გადადგმა, დიპლომატიურობა ეცემა, შესაბამისად მაღალია მძიმე შედეგების ალბათობა. ზოგ ადგილას, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა დაფიქსირდეს რელიგიური ფანატიზმით გამოწვეული დაპირისპირებები. თუ ამ შეერთებამ დაზიანების ტრაექტორია აიღო, გამოვლინებაც შესაბამისი ექნება.
სატურნი ვერძის დევიზია – ,,მე ჩემი კანონები მაქვს!“
სატურნი, როდესაც ვერძში მოძრაობს, ასეთ ადამიანებს პირადი შეხედულებები გააჩნიათ კონსტიტუციაზე, მაღალია საჯარო ეტიკეტის ან კოდექსის დარღვევის შანსები, რის გამოც, იქნება ბევრი დაჯარიმება ან კონფლიქტი. დაუშვებელია ზღვარგადასული დიქტატურა და ძალადობრივი წესრიგი, ეს მეტად დაძაბავს ფონს.
საუკეთესო შემთხვევაში მივიღებთ ზომიერ დასჯას, ზომიერ ლმობიერებას, შევძლებთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემას და ინტერესთა მიღება-დაფასებას. არჩევანი კი ისევ ჩვენზეა!
V. იუპიტერის ინგრესია კირჩხიბში – 2025 წლის 9 ივნისს გამარჯვების, ექსპანსიისა და მსოფლმხედველობის მმართველი პლანეტა დატოვებს ტყუპების ზოდიაქოს და გადაბრძანდება კირჩხიბის ნიშანში, სადაც დარჩება 2026 წლის 30 ივნისამდე.
იუპიტერი – ეს მეტად მულტიფუნქციური, სიუხვის, ბარაქის, მსოფლმხედველობის, ექსპანსიის მმართველი პლანეტაა. მას აქვს 12 წლიანი ციკლები, როცა იწყებს და ასრულებს მის მოძრაობას. კირჩხიბში მოხვედრა მისთვის ეგზალტაციაა, 5 ქულა უწერია, ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა, ამიტომ აუცილებელია ამ ძალის სწორად ათვისება და გამოყენება.
ისე, როგორც არასდროს, ახლა წინა ხაზზე წამოვა სამშობლოს, ეროვნული პრინციპების მოტივები, ასევე საოჯახო – სანათესავო საკითხების ამბები, ბევრმა ადამიანმა შეიძლება დააპიროს ოჯახის შექმნა ან გადაუჭრელი პრობლემები საბოლოოდ დაასრულოს. მშვენიერი დროა ბინის ყიდვისთვის ან გამოცვლისთვის, სამშენებლო-სარემონტო საშუალებების დაწყებისთვის!
სწორედ ახლა შეგიძლიათ რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ დიდ ადამიანებს, თქვენს ბებია-ბაბუებს ან მათ დანატოვარ ნივთებს, ანტიკვარიატს შესაბამისი ადგილი უნდა გამოუყოთ. კირჩხიბის იუპიტერის ტრანზიტზე დემოგრაფიული პროცესებიც შესამჩნევი იქნება. ძალიან გააქტიურდება პატრიოტიზმი, ბევრი ადამიანი მოისურვებს ამ იდეით საქმის კეთებას, გამოჩნდებიან კიდეც მსგავსი ტიპის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან გაერთიანებას, საერთო აზრების პოვნას და სვასებით შესაძლებელია რომ მივიღოთ ეროვნული მოძრაობები.
სიტყვა – სამშობლო, მიწა, მამული – მათთან დაკავშირებით მრავალი ძალიან სენსიტიური აღმოჩნდება და არ გირჩევთ ასეთი ადამიანების გაბრაზებას და ნერვებზე თამაშს. ამან, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ რთული ხასიათი მიიღოს და სავალალოდაც კი დასრულდეს.
თუ ისტორიას გადავხედავთ, იუპიტერი კირჩხიბში მოძრაობდა, მაგალითად 1919 წელს, როცა საქართველოში ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები, მაგ წელსვე დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის ომი. უფრო შორს რომ წავიდეთ 1943 წელსაც ჰქონდა იუპიტერს ინგრესია კირჩხიბში, როცა მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე მკაფიო მაინც 1989-1990 წლები იყო. დრო, როდესაც ქვეყანამ და მოსახლეობამ ლომის წვლილი დადო გამთლიანებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
ასე რომ კირჩხიბის იუპიტერი აფართოვებს საზღვრებს და თავს კარგად გრძნობს მაშინ, როცა ხალხი ერთიანდება ეროვნული მოტივებით. თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტრანზიტზე ჩაისახა ფაშიზმი, რომელსაც ჰიტლერი ამოუდგა დიქტატურით სათავეში.
ისე, არც ხელოვნების და მოდის სამყარო იქნება გულგრილი. თქვენ ნახავთ, რომ მოდაში შემოვა ძველი რეტრო ტანისამოსები ან გამოსაყენებელი ნივთები, მოკლედ ჩამოწერილი საგნების გაცოცხლების დროა.
აქტუალური იქნება ბავშვებზე ზრუნვის თემაც. კარგი იქნება უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა დაბინავება, ასევე ყურადღება კიდევ მეტად შეიძლება დაეთმოთ ამ მხრივ ცხოველებსაც.
ერთი სიტყვით ეროვნული მოტივებით შენიღბვის დრო მოდის, ოღონდ უნდა გაარჩიოთ ვინ ნაღდია და ვინ ყალბი!
VI. ურანის ინგრესია ტყუპებში – პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ტრანზიტია! 2025 წლის 7 ივლისს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, საწყისების და რეფორმების-რეორგანიზაციის მმართველი პლანეტა ურანი გადაბრძანდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და დარჩება 2032 წლის 3 აგვისტომდე.
დაახლოებით 2017-2018 წლებიდან მოყოლებული, ეს უკანასკნელი, მოძრაობდა კუროს ნიშანში. კურო, რომელიც მეტად განაგებს მატერიალურ ფასეულობებს, ხედავთ, ალბათ, რომ ამ ტრანზიტზე თავიდან ბოლომდე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა ფულის მიმოცვლა ელექტრონული ხაზით. დავინახეთ, ასევე ვალუტის კურსის ციმციმი, დისტანციური მომსახურების სერვისები და სხვა …
მოკლედ, რადგან ურანი მართავს ტექნიკას, ცხოვრებაც გახდა მკაფიოდ დამოკიდებული თანხის ელექტრონულად გამომუშავებაზე. აღნიშნულს, გააჩნია 7 წლიანი ციკლები, ახლა კი მიდის ტყუპებში, სადაც საკმაოდ დიდი მოგზაურობა ელის წინ, რაზეც დაბლა მოგახსენებთ:
ტყუპებში, ურანი გამოიმუშავებს დამრღვევ და გამომგონებელ ენერგიას მერკურიის მრავალი თემის გარშემო, როგორიცაა განათლება, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ყველა სახის ტექნოლოგიური მოწყობილობა და კომუნიკაციის ნიმუშები.
მერკურის მართულ ნიშანში ურანს აქვს ინოვატორისა და გამომგონებლის ჰაეროვანი ფუნქცია და სავარაუდოდ, შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ტრანსპორტის, მოგზაურობისა და ყველა სახის კომერციულ საკითხებში.
არნახულად დიდი რეფორმები იქნება განათლების, მასმედიის, ტრანსპორტის, საზღვრების და სამეზობლო კონტაქტების მიმართულებით. ყველა ეს სფერო განიცდის დიდ ნგრევებს, რყევებს და საბოლოოდ ჯამში, დრომოჭმული, გამოუსადეგარი სეგმენტები წარსულს ჩაჰბარდება!
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ასპარეზზე გამოვა აბსოლუტურად ახალი ტელე და რადიო კომპანიები ან მომრავლდება ინტერნეტ სივრცის მრავალ პლატფორმაზე სხვადასხვა გადაცემები, გააქტიურდებიან პორტალური გვერდები ინფორმაციის განსათავსებლად, გაისმება ახლებური ხაზები ქვეყნებს შორის და გადაადგილების, ტრანსპორტის, ვიზებთან დაკავშირებით ვიხილავთ დიდ ამბებს!
ზოგადად, ტყუპები მერკურით მართვადი ნიშანია. ესაა ჩინებული მოაზროვნე, იდეალური ორატორი, კომუნიკატორი და ნაწილობრივ, გამომგონებელიც, თუმცა ზედაპირული და ზოგჯერ, მერყევიც. არც ურანია დიდი სტაბილურობით გამორჩეული, მაშასადამე დაისმება კითხვა: რამდენად შეგვიძლია ერთგულად ვემსახუროთ იმ მიზანს, რაც დავისახეთ?
თუ არჩეული გზიდან არ გადაუხვევთ, მაშინ შედეგებს აუცილებლად მიაღწევთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ გამომზეურებული არასანდოობის და მერყეობის გამო შესაძლოა გარშემო მყოფებმა გაგრიყონ და ჩაითვალოთ არაადეკვატურ არსებად. ამიტომ, მოიგებს ის, ვინც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ერთგულებას აღებული კურსისადმი!
ამ ტრანზიტზე, გაიხსნება ბევრი სკოლა-ლიცეუმები, სასერტიფიკატო და საგანმანათლებლო კურსები, ადამიანებს ინტერნეტის, ონლაინ გვერდების საშუალებით მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ და მიიღონ მათთვის საჭირო მასალა. ფაქტობრივად, სწავლების ონლაინ ვერსია იქნება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და შემოღებული. რამდენად ხარისხიანად და კარგად ან მისაღებად დრო გვიჩვენებს.
დამატებით ურანის გააქტიურებიდან მოვესწრებით საოცრად დიდ გამოგონებებსაც, როგორც ლიტერატურის, ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა დარგში, ისე ტექნოლოგიურ სამყაროში.
ისტორიულად ურანი ბოლოს ტყუპებში მოძრაობდა 1941-1948 წლებში, ეს რა წლებიცაა გეცოდინებათ … ერთი სიტყვით, როგორც პირად ინდივიდუალურ, ისე საზოგადო ფლანგზე, დიდი ამბები გველოდება, ხოლო მომავალს თავად ადამიანები ვქმნით!
ეცადეთ, რომ გააზრებული ცოდნით იმოძრაოთ, ამ ტრანზიტზე ეს ბევრს მოეთხოვება. ისედაც, სულ ინფორმაციებთან გვექნება შეხება და საჭიროა ამ მიღებული პროდუქტის გადამუშავება!
VII. შავი მთვარის, ,,ლილითის“ ინგრესია მორიელში – გაზაფხული იმითაც გამორჩეულია, რომ ისეთი ფიქტიური წერტილი, როგორიცაა ლილითი, დატოვებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს და გადაბრძანდება ღრიანკალის, ანუ მორიელის ზოდიაქოში, ეს იქნება 2025 წლის 27 მარტს და დარჩება მანდ 2025 წლის 20 დეკემბრამდე.
ფაქტობრივად, ლილითი, ასტროლოგიაში გვიჩვენებს ადამიანის მძიმე ცდუნებებს, მეტად დემონური ხასიათის მატარებელია, რომელსაც სულიერების გზაზე დამდგარი ადამიანი შინაგანად გრძნობს ნაკლს, ხედავს და ამჩნევს.
მომდევნო, დაახლოებით 9 თვის მანძილზე კარგი იქნება თუ მოერიდებით შავბნელი საქმეების გაკეთებას, ასეთ ხალხს და გარემოსაც კი. მაღალია შანსი იმისა, რომ წყენების გახსენების წინაშე დადგეს ბევრი თქვენგანი, რის გადახარშვაც გაგიჭირდეთ, უმჯობესი იქნება მეტად აპატიოთ და ანუგეშოთ ერთმანეთი. ხან და ხან, ამ ტრანზიტის დროს ფსიქოლოგიურად დაუნდობლობა პიკს აღწევს ხოლმე.
ფრთხილად იყავით ზედმეტად ახლო ინტიმური კონტაქტების დამყარებისას, ამან შესაძლოა გაცილებით დიდი უბედურება მოიტანოს, ვიდრე პოზიტი, ბევრჯერ დაფიქრდით და ვისთან შედიხართ კონტაქტში და ისე გადადგით ნაბიჯი.
დრო კარგია ძველი წყენების, ნეგატიური ინფორმაციების და ადამიანების ჩამოშორებისთვის, საბანკო ვალების გასტუმრებისთვის, ფსიქოლოგიური გამასაჯანსაღებელი და საეკლესიო ინსტიტუტის მოხმარებისთვის!
ვინც შეძლებს მიტევებას და დავიწყებას, ასევე საკუთარი ვნებების კონტროლს, ამ ტრანზიტზე ნამდვილად გამარჯვებული გამოვა!
VIII. ასევე, გეტყვით, რომ მომავალ 2025 წელს გვექნება გაზაფხულსა და შემოდგომაზე მზე-მთვარის დაბნელებები, რომლებზეც ცალკე სტატიის სახით მოგახსენებთ.
IX. აქვე დაგიტოვებთ 2025 წლის მერკურის ფაზებსაც.
მერკური 2025 წელს რეტროგრადული იქნება:
15 მარტიდან – 7 აპრილამდე
18 ივლისიდან – 11 აგვისტომდე
9 ნოემბრიდან – 29 ნოემბრამდე
ამ პერიოდებში ერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას და დიდი გეგმების განხორციელებას. პირიქით, კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად!
ეს იყო, რაც შეიძლებოდა მეთქვა 2025 წელთან დაკავშირებით. დანარჩენ სხვა საგულისხმო ასპექტებზე ცალკე სტატიების და ეთერების სახით გაგესაუბრებით!
გილოცავთ დამდეგს! მრავალს დაესწარით, საუკეთესო სურვილებით!
პატივისცემით!“, – წერს გიორგი ლობჯანიძე.