ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება! რა არის ევქარისტია?-დიაკონი ლევან მათეიშვილი

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ,  ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.
ღმრთისმსახურების ნაწილი იყო წმინდა წიგნების კითხვა, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობა და ლოცვები, რომლებშიც მორწმუნენი კურთხევას გამოითხოვდნენ ღვთის საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე (უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ძღვენი თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ). პური და ღვინო, მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, რომელნიც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მათთან კი, ვისაც ავადმყოფობის გამო არ შეეძლო ლიტურგიაზე დასწრება, ის დიაკვნებს მიჰქონდათ.
საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან.
პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს – კვირას – დაადგინეს.“
დიაკონი ლევან მათეშვილი.

კომენტარის დატოვება