წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება და მისი მოწამეობრივი აღსრულება, როცა საკუთარმა მამამ მოჰკვეთა თავი ქრისტიანობის დამცველ ქალწულს, ისტორიაში სარწმუნოებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ემოციური მაგალითია.
დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე ქართველების საყვარელი რელიგიური დღესასწაულია. მარტო თბილისში წმინდა ბარბარეს სახელობის ოთხი ტაძარია. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ჯანმრთელობას, ბავშვების სიცოცხლეს. წმინდა ბარბარეს ევედრებიან შვილის ყოლის მსურველნი, რათა მათ მიანიჭოს მშობლობის ყველაზე დიდი ბედნიერება.
ბარბარობის დღესასწაულს ჩვენში ბევრი ხალხური ტრადიციაც ახლავს. ჯერ კიდევ ოდითგან საქართველოში ბარბარობა ითვლებოდა ბედობის დღედ, ამ დღეს ყველა ოჯახში მიდიოდა მეკვლე, რომელსაც ოჯახებში ბარაქის, ჯანმრთელობის, ნაყოფიერების ფეხი უნდა შეეტანა. ამ წესს ბევრი ოჯახი დღემდე იცავს. ბარბარობას ტრადიციულად ყველა ოჯახში ცხვება ლობიანი. სამწუხაროდ, რატომღაც ეს ტრადიცია ვიღაცეებს წარმართულ ტრადიციად მიაჩნიათ, პირიქით, დიდხანს უნდა დავიცვათ ეს უწყინარი ტრადიცია, რომელიც უხსოვარი დროიდან მოდის, თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენს ოჯახებში ძალიან ბევრ ლამაზ მოგონებასთან არის დაკავშირებული! ყველას გვახსოვს ბებიების, დედების ხელით გამოცხობილი გემრიელი ლობიანები და ღვეზელები, რომელთა გარეშეც ეს დღე წარმოუდგენელი იყო.
გილოცავთ! იყავით მხნედ და ჯანმრთელად!
წმინდა ბარბარე გვფარავდეს უფლისკენ სავალ გზაზე!
