მედიაში საშინელი სცენის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, ტაგანროგის მაღაზიიდან, სადაც 24 ნოემბერს, მთვრალმა ქალმა მიიყვანა საბავშვო ეტლი, რომელშიც ექვსი თვის ტყუპი ვაჟი იწვა.
მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩვილების მამა უახლოვდება ბავშვის ეტლს, აიყვანს ერთ-ერთ მათგანს, შემდეგ კი ყვირის: ‘ის მოკვდა!“
მამაკაცი ეხუტება ბიჭს, რომელსაც სახეზე სისხლჩაქცევები აქვს. მაღაზიაში ტყუპების მთვრალი დედაც ჩანს. ის ყვირის, იგინება, რაღაცაში ადანაშაულებს კაცს და ალკოჰოლის გამო ფეხზე ძლივს დგას. ბავშვის გარდაცვალების შესახებ მამის ნათქვამზე ის მშვიდად ამბობს, რომ ბავშვი “უბრალოდ უნდა შეატრიალოს და შეანჯღრიოს”.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მკვლელობის მუხლით. ექვსი თვის ბიჭის ცხედარი ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით აღმოაჩინეს, მისი ტყუპისცალი ძმა, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იტყობინება რეგიონული საგამოძიებო კომიტეტისა და პროკურატურის პრესსამსახური.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, მან დანაშაული აღიარა.