“ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება, საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს…”-ბუდუ ზივზივაძის მეუღლე გამომწერებს პასუხობს

ნინი კვერნაძისა და ბუდუ ზივზივაძის წყვილი ბოლო დროს ქართულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ საკუთარი უშუალობით და უბრალოებით უამრავი ადამიანის გული მოიგეს და ბევრისთვის საყვარელ ოჯახად იქცნენ. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი ქალიშვილი, შაი ზივზივაძე იმსახურებს.

“ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს – კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება – მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს…”, – ამბობს ნინი კვერნაძე.

ნინი ფართო საზოგადოებამ სწორედ მეუღლის, “სახალხო ფეხბურთელის” ბუდუ ზივზივაძის განსაკუთრებული წარმატების შემდეგ გაიცნო. ბუდუმ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში 2 გოლი გაიტანა და დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე ისტორიაში პირველად გასვლაში. “მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება” , – ამბობდა ნინი.

ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწვეთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.

ნინი კვერნაძე რომ შესანიშნავად გამოიყურება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა თავად ამბობს, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა არ აქვს და არც მაკიაჟია მისი მოწოდება. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს უთმობს ენების შესწავლას, აკეთებს ორიგინალურ დღიურებს და ახერხებს, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს.

ამჯერად ნინი გამომწერების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ დიეტაზე არასდროს ყოფილა:

“არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე, არასდროს დამითვლია კალორიები, ვჭამ რასაც მინდა და როცა მინდა”, – წერს ნინი. ის ასევე განმარტავს, რომ მისი ჰობი სიახლეების აღმოჩენაა, თავისუფლად საუბრობს სამ ენაზე, ორ ახალ ენას კი ახლა სწავლობს, ქვეყანა, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდა, არის კორეა, უყვარს კორეული მუსიკა, ფილმები, წიგნები და საქართველოდან შორს ცხოვრება არ უჭირს. ნინიმ გამომწერებთან საუბრის დროს უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: “ძალიან განსხვავებული და ნიჭიერი გოგო ხარ”, – წერენ მას.

კომენტარის დატოვება