დღესასწაულების შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა თავს დამძიმებულად გრძნობს. ეს მხოლოდ სუბიექტური შეგრძნება არ არის, სასწორზე დგომით დასტურდება წონის ნამატიც. გამოცდილი ამბავია, რომ ფორმაში სწრაფად დაბრუნებისთვის ეფექტურ მეთოდს დეტოქსი წარმოადგენს.
დიახ, განტვირთვა უმჯობესია კომპლექსურად მოხდეს. ტოქსინები – აი, რა უნდა გამოვდევნოთ ორგანიზმიდან.
როგორ ჩავიტაროთ ორგანიზმის დეტოქსი
1. თითო ჭიქა ლიმონიანი წყალი საათში ერთხელ. ბევრი სითხე ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას, უმჯობესია, ლიმონიანი წყალი სამუშაო მაგიდაზე დაიდოთ ან ტელეფონში ჩართოთ ”reminder”-ის ფუნქცია.
2. დროებით დაემშვიდობეთ ტკბილეულს და სწრაფ ნახშირწყლებს. აქ კომპრომისი ზედმეტია, თქვენი საყვარელი ნამცხვრები თუ შოკოლადები უნდა დაივიწყოთ. ასევე კარტოფილის ნაწარმი, ძეხვეული და ა. შ.
3. მეტი ბოჭკო. თქვენ უნდა დაეხმაროთ ნაწლავებს და ამისთვის გადადით ბოსტნეულსა და მსხვილად დაღერღილ პურზე. უჯრედისი მიიღეთ სასარგებლო სალათებისგან. ჭარხალი+თხილეული; კომბოსტო+სტაფილო; სტაფილო+ვაშლი+ნიახურის ძირი და ა.შ.
4. ურძეო კვირა. როცა ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, ის არ უნდა გადატვირთოთ ლაქტოზითა და ზედმეტი ცხიმებით. ერთკვირიანი დეტოქსი საკმარისი იქნება ცვლილებების შესაგრძნობად: კანი უფრო გაახალგაზრდავდება, გამონაყარიც გაქრება. ასევე ეფექტურია წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა.
5. დეტოქსი და ფიზიკური დატვირთვა. ტოქსინები კანიდანაც გამოიყოფა ოფლთან ერთად, ამიტომ ეფექტურია ფიზიკური ვარჯიშიც. დაიწყეთ გაწელვებით, პილატესითა და სეირნობით.
6. გაამოთ! დეტოქს-კვირის ბოლოსთვის სპეციალური აბანო ან საუნა – ეს აუცილებელია. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ჩაწვეთ ცხელ აბაზანაში, რომელშიც დაამატებთ ვაშლის ძმარი, ინგლისური მარილი ან საკვები სოდა. ეს დანამატები ხელს უწყობს ტოქსინების სწრაფ გამოყოფას.
დაიმახსოვრეთ – დეტოქსი შიმშილი არ არის! არ შეამციროთ პორციები მკვეთრად და არც კვების ჯერი არ გამოტოვოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას!