ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები “საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.
მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისიც გაუქმდა.
დიდუბე-ავჭალის იმ მონაკვეთზე, სადაც ავარია მოხდა, კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარის შესახებ “საქართველოს რკინიგზამ” განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა:
“დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა “საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
“საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- ნათქვამია განცახადებაში.
ფოტოგრაფი: ვანო გორგიშვილი