ქრისტეფორე მღდვლის ამბავი – სასწაული, რომელიც რწმენის ძალას მოგცემთ

ქრისტეფორე მღვდლის ამბავი

მღვდელი ქრისტეფორე მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის ფეხით დადიოდა წმიდა ნიკოლოზის თაყვანსაცემად მირონ-ლუკიაში. ერთხელაც გზაზე იგი სხვა მლოცველებთან ერთად არაბებმა შეიპყრეს, ტყვედ წაიყვანეს და აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მიიყვანეს კიდეც თავის მოსაკვეთად.

ქრისტეფორეს ღრმად სწამდა, რომ განსაცდელში წმინდა ნიკოლოზი შეეწეოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა:

– შენ ხომ მსწრაფლ შეეწევი ყველას, წმიდაო ნიკოლოზ, მიხსენ მე ამ ბასრი ხმლისაგან, გადამარჩინე სიკვდილს!

ამ ლოცვაში იყო, წმინდანი რომ წარსდგა მის წინ და უთხრა:

– არ შეშინდე, ქრისტეფორე! შენთან ვარ!

და როცა ქრისტეფორემ თავი დაუხარა ჯალათს, წმინდა ნიკოლოზმა, რომელსაც ვერავინ ხედავდა, ხმალი გამოსტაცა ხელიდან. ჯალათმა ეს ქრისტეფორეს ჯადოქრობად ჩათვალა და სხვა ხმალი მოიტანა, მაგრამ იგიც სადღაც გაქრა. მესამე ხმალიც რომ ასე გაუქრა, გაოცებულმა შეხედა ქრისტეფორეს.

– წმიდა ნიკოლოზი დგას აქ შენს გვერდით და ის გაცლის მას ხელიდანო. – უთხრა ქრისტეფორემ. მერე უამბო ჯალათს წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და სასაწულებზე, ისიც გაუმხილა, სწორედ მას რომ შეავედრა თავი. მაშინ აღელვებულმა არაბმა ყველა სიკვდილმისჯილს ახსნა ბორკილი და ჩუმად გააპარა.

კომენტარის დატოვება