სახლში მომზადებული გამომცხვარი კერძები ყველაზე უფერულ დღესაც კი ხალისს სძენს. თუმცა თვითონ ცხობის პროცესი, საფუარიან ცომთან ურთიერთობა ბევრს ეზარება. ასეთ დროს თხელი სომხური ლავაშის გამოყენება სწორედ რომ მისწრებაა. მისგან ჩიფსებსა და ნაპოლეონსაც კი ამზადებენ.
ლავაშით მომზადებული გამომცხვარი კერძები
სოკოსა და ყველის ღვეზელი
ეს არის ბერძნული სპანაკოპიტას მსგავსი ღვეზელი, რომელიც უთხელესი ცომის -ფილოსგან მზადდება. ჩვენი ვარიანტი გაცილებით იოლია.
ინგრედიენტები
- 3 ცალი ლავაში
- ნახევარი კგ სოკო
- ერთი თავი ხახვი
- 200 გ მაგარი ყველი
- 150 მლ კეფირი
- ორი ცალი კვერცხი
- ზეთი საჭიროების მიხედვით
- მარილი და შავი დაფქული პილპლი გემოვნებით
მომზადება
- ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ზეთში ნახევრად. დაამატე დაჭრილი სოკო და შუშე 15 წუთი, სანამ სითხე არ ამოორთქლდება. მოაყარე მარილი და პილპილი.
- ლავაშის ერთი ფურცელი გაშალე. მასზე მოათავსე სოკოს მესამედი და ასევე გახეხილი ყველის მესამედი. გადაახვიე არამჭიდრო რულეტის სახით.
- ცალკე ათქვიფე კვერცხი და კეფირი კარგად.
- სამივე ლავაშის რულეტი მოათავსე საცხობ ფორმაზე სპირალისებურად და მოასხი კეფირისა და კვერცხის ნარევი. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.
ტაფაზე მომზადებული ლავაშის პიცა
ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც დროის ფასი იცის. სულ რაღაც ნახევარ საათში მთელი ოჯახის სამყოფი პიცა მზად იქნება!
ინგრედიენტები
- ორი ცალი სომხური ლავაში
- ორი ცალი დამარინადებული კიტრი
- 3 კბილი ნიორი
- 3 ს. კ. ცხიმიანი არაჟანი
- ათი ნაჭერი სალიამი
- ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
- ორი ცალი პომიდორი
- ორასი გ მოცარელა
- ზეთი საჭიროების მიხედვით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- თუ მრგვალი ლავაში არ გაქვს, ამოჭერი ორი ბრტყელი ლავაშისგან ორი წრე.
- ტაფა გააცხელე , დაასხი ცოტა ზეთი და ერთი ლავაში მოათავსე მასზე.
- ამ ლავაშს მოაყარე ნახევარი გახეხილი ყველი. მოათავსე ზემოდან მეორე ლავაშის ფურცელი, წაუსვი სოუსი და გადაანაწილე ყველა დაჭრილი ინგრედიენტი. ზემოდან მოაყარე დარჩენილი გახეხილი ყველი.
- ტაფას დაახურე თავზე და გამოაცხე საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
ლავაშისგან მომზადებული ვაშლის შტრუდელი
სომხური ლავაშისგან არა მხოლოდ ნოყიერი კერძები მზადდება, არამედ გემრიელი დესერტებიც. ერთ-ერთი ასეთია ვაშლის შტრუდელი.
ინგრედიენტები
- 3-4 ცალი ტკბილ-მჟავე ვაშლი
- 50 გ შავი ქლიავი
- 5 ს. კ. ყავისფერი შაქარი
- ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
- ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
- 40 გ კარაქი
- 50 გ ქიშმიში
- ერთი ჩ. კ. ლიმონის ცედრა
- 50 გ მოხლილი თხილი
- 200 მლ სქელი არაჟანი
- ორი ცალი კვერცხი
- ორი გ ვანილი
- ორი ცალი ლავაში
მომზადება
- ვაშლი დაჭერი და შეწვი კარაქში ნახევრად. მოაპკურე ლიმონის წვენი. დაამატე ქლიავი, შაქარი, თხილი და დარიჩინი. შუშე 5 წუთი და გადმოდგი ცეცხლიდან. დაამატე ქიშმიში, ლიმონის ცედრა და კარგად აურიე. შიგთავსი მზად არის!
- კვერცხი ათქვიფე არაჟანთან და ვანილთან ერთად. წაუსვი ერთ-ერთ ლავაშს. დაადე ზემოდან მეორე და მასაც წაუსვი არაჟნის ნარევი. მოათავსე შიგთავსის ნაწილი და დაიწყე რულეტივით გადახვევა, თან ამატე შიგთავსი.
- გადაიტანე შტრუდელი საცხობ ფორმაზე, წაუსვი დარჩენილი არაჟნის მასა და გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის მანძილზე. ზედაპირი ოქროსფერი უნდა გახდეს.
სცადეთ შემოთავაზებული რეცეპტებიდან თუნდაც ერთის მიხედვით მომზადება და ნახავთ, ცომთან დაკავშირებულ რამდენ დავიდარაბას აირიდებთ თავიდან.
გაუზიარეთ ეს გემრიელი და მოსახერხებელი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!