“როცა ჩემი შვილის ამბავი მოხდა და პირველად გამოვედი სახლიდან, ქუჩაში ვხედავ, რომ მამა ჩემი შვილის ასაკის ბავშვს ეხუტება. მივხვდი, რომ ამის დანახვამ გამაღიზიანა…“ – ნიკოლოზ წულუკიძის აღიარება

თეატრმცოდნე, ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ რუბრიკაში “მარტოობის 15 წუთი” ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე და შიშის დაძლევაზე ისაუბრა:

“როცა ჩემი შვილის ამბავი მოხდა და პირველად გამოვედი სახლიდან, ქუჩაში ვხედავ, რომ ჩემი ასაკის მამა ჩემი შვილის ასაკის ბავშვს როგორ ეხუტება. თან ძალიან არ მინდა, ამაში ჩემს თავს გამოვუტყდე, მაგრამ მივხვდი, რომ ამის დანახვამ გამაღიზიანა… გამაღიზიანა იმან, რომ მე არ შემეძლო, იგივე გამეკეთებინა. ის წამები იყო, როცა ღმერთს ვთხოვე, დამხმარებოდა, ისე მეცხოვრა, რომ როცა დავინახავ, მამა შვილს როგორ ეფერება, ამან არ გამაღიზიანოს. მას შემდეგ საკუთარ თავს სულ ვამოწმებდი. ვეძებდი, რომ ქუჩაში ასეთი სცენა დამენახა და ჩემს თავს დავკვირვებოდი, რა რეაქცია მექნებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მესიამოვნა. ეს იცით, ჩემთვის რამხელა გამარჯვება იყო? მივხვდი, რომ საკუთარ თავს მოვერიე… ბევრი ფიქრი ამ დიდი განსაცდელის მერე დავიწყე. მანამდე ბედნიერი ადამიანი ვიყავი და მეგონა, რომ ამას ვიმსახურებდი. შიში კი მქონდა, რომ ეს ერთ დღეს დამთავრდებოდა, მაგრამ მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა.

არაჩვეულებრივ ფსიქოლოგებთან დავდიოდი. ანტიდეპრესანტებსაც ვსვამდი, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საკუთარ თავს თავად უნდა დავხმარებოდი. როგორც კი შენი თავის დახმარებას იწყებ, მერე უფრო ადვილად გადიხარ ცხოვრებას. ცხოვრების მთავარი სკოლაა, რომ შენ მიხვდე, რა გამოგდის და რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას. ამაში ოჯახი თუ ვერ დაგეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეგიშალოს.

როცა შენს ცხოვრებაში რთული დღეებია, ასეთ დროს, ალბათ, შენზე უიმედო ადამიანი უნდა მოძებნო და მისთვის იმედი გახდე. ყველაფერი იცვლება, როცა შვილები გყავს. როცა რაღაც იცვლება, ხელების ჩამოშვების უფლება არ გაქვს. შვილების არსებობა ფეხზე გაყენებს. მერე ოჯახის წევრები, მშობლები. დედის ფილოსოფია მაინც ყველაზე დიდი ძალაა. როცა დედას და მამას შვილის ტრაგედია ემართებათ, დედას სიყვარულის, თანაგანცდის უფრო დიდი ძალა აქვს. კაცები ასეთ დროს უფრო გამძლეები ალბათ იმიტომ ვართ, რომ ვხედავთ, იმას უფრო უჭირს. შენ მერე გამოხატვის გრცხვენია – ის უფრო ცუდადაა და შენ რა გაქვს სათქმელი? ამას ვაანალიზებთ. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სასოწარკვეთაზე არ იფიქრო. როცა სხვას შიშის, ტრაგედიის დაძლევაში ეხმარები, სინამდვილეში, საკუთარ თავს უფრო ეხმარები” – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

კომენტარის დატოვება