კუნძულ სანტორინიზე ბოლო დღეებში მრავალი ვულკანური აქტივობა დაფიქსირდა. საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ხელმძღვანელობით საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა.
- საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შემდეგ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პარასკევის შემდეგ კუნძულზე ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა, მათ შორის ბევრმა 4,5 მაგნიტუდას გადააჭარბა.
ბოლო მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსის კუნძულებს შორის მოხდა. ხუთშაბათს, დილის 6:30 საათზე 57-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა სამშაბათს, სანტორინის აღმოსავლეთ სანაპიროდან არც თუ ისე შორს, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.
მიწისქვეშა ბიძგების დაწყების შემდეგ კუნძული 11000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. იმის გამო, რომ ამჟამად ტურისტულ სეზონი არაა, სანტორინიდან ევაკუირებული ადამიანების უმრავლესობა მაცხოვრებლები და მუშები არიან.
- რა ვითარებაა ახლა კუნძულზე
სამთავრობო მოხელეებისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სეისმური აქტივობა და შესაძლო ზომები, რომელიც შეიძლება დიდი მიწისძვრის წინააღმდეგ მიიღონ. პრევენციული ზომის სახით კიკლადის კუნძულებზე სკოლები დაიხურა და ღონისძიებები გაუქმდა. რეგიონში გაიგზავნა საძიებო-სამაშველო ჯგუფები და უპილოტო საფრენი აპარატები. შენობების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუზები დაიცალა.
ხალხს ურჩიეს თავი აარიდონ ღია ცის ქვეშ შეკრებებს, აკრძალულია ძველ შენობებში შესვლა და კუნძულის ოთხ პატარა პორტთან მიახლოება: მათ შორისაა პოპულარული ნავსადგური ქალაქ ფირაში, სადაც საკრუიზო გემები ჩერდებიან.
- გარე სტადიონზე კარვებია გაშლილი, სპეციალური დანაყოფები კი წინასწარი ღონისძიების ფარგლებში მომზადდა. კუნძულზე გაგზავნეს მეხანძრეებიც.
“ჩვენი შეფასებით, ეს (აქტივობა) გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და შეიძლება იყოს ხანგრძლივი სეისმური თანმიმდევრობა“, – თქვა ტექტონიკური გეოლოგიისა და კატასტროფების მართვის პროფესორმა ეფთიმიოს ლეკკასმა.
კოსტას პაპაზაჩოსმა, გეოფიზიკისა და სეისმოლოგიის პროფესორმა, თქვა, რომ ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დაფიქსირება.
- აქვს თუ არა სანტორინის მიწისძვრების ისტორია?
საბერძნეთი განლაგებულია ევროპულ და აფრიკულ ტექტონიკურ ფირფიტებს შორის. შედეგად, მიწისძვრები და ბიძგები რეგულარული მოვლენაა.
1956 წელს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კუნძულ ამორგოსთან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუნძულსა და მეზობელ სანტორინის. მას რამდენიმე წუთის შემდეგ მოჰყვა 7.2 მაგნიტუდის ბიძგები, სანტორინის მახლობლად. ეს იყო ყველაზე დიდი მიწისძვრა მე-20 საუკუნეში, რამაც გამოიწვია 30 მეტრიანი ცუნამი, შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი, 100-ზე მეტი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად 500-ზე მეტი სახლი დაინგრა, კიდევ ბევრი მძიმედ დაზიანდა